ზურაბ ბატიაშვილი - თუ საზოგადოებისგან მოწყვეტის და გარიყვის პროცესი დაიწყება, ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს პოლიტიკოსებს

საზოგადოებისგან მოწყვეტის და გარიყვის პროცესი თუ დაიწყება, მოლაპარაკების ასე დასრულებაც ამისი ნიშანია, რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ჯამში დასრულდება იმით, რომ ბოლოს ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ მოლოდინს ვერ ამართლებენ, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პირველ რიგში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ზოგადად ყველა ქვეყანაში და არა მხოლოდ საქართველოში, როდესაც რაღაც ხდება, პირველ რიგში, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და მერე სხვა ყველა დანარჩენი. როდესაც პოლიტიკური პატიმრები გყავს და არ მიდიხარ დათმობაზე, რა თქმა უნდა, ძნელია ოპოზიციას უთხრა, რატომ ვერ შედგა შეთანხმება. ვფიქრობ, რომ დასავლეთში მსგავსი მიდგომა არ იქნება. რა თქმა უნდა, საზოგადოების მოთხოვნაც იყო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ იქნა მიღებული. ხალხი აძლევს ხმას ამა თუ იმ პარტიას და ისინი ვალდებულები არიან, რომ ხალხის ნება-სურვილი გაითვალისწინონ. საზოგადოებისგან მოწყვეტის და გარიყვის პროცესი თუ დაიწყება, მოლაპარაკების ასე დასრულებაც ამისი ნიშანია, რა თქმა უნდა, ეს საბოლო ჯამში დასრულდება იმით, რომ ბოლოს ხალხი იტყვის და შესაბამის პასუხს გასცემს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ მოლოდინს ვერ ამართლებენ. რელურად, ჩვენი ხალხის ინტერესში არის ის, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში იცხოვრონ, სადაც ყველაფერი იქნება დემოკრატიულად და ცივილიზირებულად მოგვარებული, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე განვითარება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. უპირველეს ყოვლისა ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“ , - განაცხადა ბატიაშვილმა.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, შეთანხმების უშედეგოდ დასრულებით მოგებული მხოლოდ მოსკოვი დარჩა, რადგან „საქართველოში არასტაბილურობა და არეული სიტუაცია მოსკოვისთვის ყველაზე მისაღებია“. მისივე თქმით, ამ პროცესში დასავლეთის ჩართულობა და აქტივობა კიდევ გაგრძელდება.

„სამწუხარო ფაქტია ის, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა. შეთანხმების ვერ შედგენაში ერთადერთი მოგებული რჩება მოსკოვი, რომლისთვისაც საქართველოში არასტაბილურობა და არეული სიტუაცია არის ყველაზე მისაღები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამით არაფერი დამთავრებულა და წინ არის ყველაფერი. დასავლეთის ჩართულობა, რაც დავინახეთ ამ პროცესში, გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დასავლეთში საქართველოს თემა კიდევ დიდხანს იქნება და უფრო მეტი ენერგიულობით შეიძლება ვიხილოთ მათი აქტივობა. ეს ეხება არამხოლოდ ევროკავშირს, არამედ ძალიან მალე დავინახავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც ინტერესის ზრდას საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს რაუნდი ცუდად დასრულდა იმით, რომ შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ არის“ , - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის შემდეგ ამერიკიდან გააქტიურებას დავინახავთ და იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება ვერ შედგა, „დასავლეთი საქართველოზე ხელს არ ჩაიქნევს“.

„ბრიუსელი ამ შეთხვევაში იყო შუამავალი და არა მხარე, მაგრამ თვითონ დაინახა, რამდენად ძნელია შეთანხმების მიღწევა და ამის მერე ვფიქრობ, რომ იგი უფრო კარგად დაინახავს რეალურ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ამის მერე მისი ნაბიჯები უფრო მკაცრი იქნება. იმედი მაქვს, რომ დასავლეთი ამ პროცესზე ხელს არ ჩაიქნევს და იქნება აქტიური და ჩართული. ევროკაშირის შემდეგ დავინახავთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გააქტიურებას. ეს რაუნდი, ხელისუფლების და ოპოზიციის შეუთანხმებლობა, ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ცუდად დასრულდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასავლეთი საქართველოზე ხელს არ ჩაიქნევს“ , - განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა