თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკოსებმა ხალხს ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და გაშვებულ შანსზე ანგარიში უნდა ჩააბარონ - ფასი ძალიან ძვირი იქნება, რომელსაც ქვეყანა გადაიხდის

ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად იმისათვის, რომ საერთო ეროვნული ინტერესები საკუთარ ამბიციებზე მაღლა დაგვეყენებინა - პოლიტიკოსებმა ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და ქართველ ხალხს ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და გაშვებულ შანსზე ანგარიში ჩააბარონ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა თენგიზ ფხალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მედიატორის კრისტიან დანიელსონის გუშინდელი განცხადება ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რადგან ის რეალურად ლაპარაკობდა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შანსი გაუშვა საქართველომ.

„რაც მოხდა არის ძალიან ცუდი და ცუდია ყველასთვის და ჩვენთვის, ქვეყნისთვის. ძალიან გულდასაწყვეტი იყო დანიელსონის მოსმენა, რომელიც რეალურად ლაპარაკობდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შანსი გაუშვა საქართველომ, როდესაც ის ხაზს უსვამდა, რომ მხარეებს შეეძლოთ მიეღწიათ შეთანხმებისთვის, რაც საქართველოს მისცემდა საშუალებას, რომ აღმოჩენილიყო როგორც ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია კრიზისის ღირსეულად დაძლევა და ქვეყანას მისცემდა იმის საშუალებას, რომ კონცენტრირებული ყოფილიყო იმ ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეებზე, რომლის წინაშეც ის დგას და დადგება მომავალში. ეს შანსი ხელიდან გავუშვით და იმავდროულად ვაჩვენეთ, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად იმისათვის, რომ საერთო ეროვნული ინტერესები დაგვეყენებინა საკუთარ ამბიციებზე მაღლა.

მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ძალიან ნათლად, სამზეოზე გამოვიდეს თუ რის გამო ჩაიშალა შეთანხმება და რომელი მხარის თუ პოლიტიკოსის პოლიტიკური ნების არქონამ, ვერ მიიყვანა ვითარება ხელმოწერამდე. რეალურად ყველა იმ მონაცემით, რომელიც არსებობდა რამდენიმე შეთავაზებაზე მიმდინარეობდა მუშაობა და თავად დანიელსონის აქ ყოფნის პერიოდში რამდენიმე ტიპის შეთავაზება გაკეთდა იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რითაც შემოსაზღვრული იყო მოლაპარაკებების ჩარჩო. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იგრძნონ ის ანგარიშვალდებულება, რომელიც მათ აკისრიათ ქართველი საზოგადოების წინაშე და ანგარიში ჩააბარონ იმ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და იმ გაშვებულ შანსზე, რომელიც გუშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით და რომლისთვისაც ძალიან ძვირ ფასს გადავიხდით ძალიან მალე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად დაინახოს საზოგადოებამ ვისი პასუხისმგებლობაა ამაში და რის გამო არ შედგა მოლაპარაკებები, მაშინ, როდესაც ამის ძალიან სერიოზული წინაპირობები არსებობდა მაშინ, როდესაც აქ ჩარეული იყო უმაღლესი დონის შუამავალი, როგორიც არის ევროკავშირი. პოლიტიკოსებმა ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ და ეს ანგარიში უნდა ჩააბარონ ქართველ ხალხს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, არავის არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ პროცესი დასრულდა - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას, კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს.

„გულწრფელად გეუბნებით, ფასი ძალიან ძვირი იქნება. ჯერ ერთი ის, რომ ამ ფასს გადაიხდის მთლიანად ქვეყანა, რომლის მიმართაც დამოკიდებულება იქნება ის, რომ - ეს არ არის იმ ტიპის დემოკრატია და იმ ტიპის განვითარებული სახელმწიფო როგორიც გვეგონაო და მეორე, არავის არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებები ნიშნავს იმას, რომ პროცესი დასრულდა და დამერწმუნეთ, რომ მოთხოვნა და აქტიურობა ჩვენი პარტნიორების, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას, იქნება კიდევ უფრო აქტიური და ამას ვნახავთ ძალიან მალე. ძალიან სამწუხაროა, როცა ეს ძალისხმევა იხარჯება ამაზე, როცა ეს შესაძლოა გამოგვეყენებინა ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ რეალურად ვაჩვენეთ ის, რომ ჩვენ არ ვართ მზად გადავწყვიტოთ ჩვენს წინაშე მდგარი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები.

ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც იყვნენ შუამავლები და ისინი იქცეოდნენ როგორც შუამავლები. ეს ქვეყნები საქართველოს განიხილავენ და უყურებენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც ელაპარაკებიან როგორც თანასწორ პარტნიორს და ამ დამოკიდებულებით მოვიდნენ ჩვენთან, თუმცა სამწუხაროდ, აქ აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა დახვდათ, აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა როგორც მათი როლის, ასევე თავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესის აბსოლუტურად არასწორი შეფასება და მივიღეთ ეს შედეგი. ეს არის ქვეყნის უფრო დაბალ ლიგაში გადმოყვანა, როდესაც ჩვენ აქამდე გვიყურებდნენ როგორც თანასწორ პარტნიორს და ამის მერე იქნება ის, რომ - ეს სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ შედგა იმ დემოკრატიად და იმ ტიპის პარტნიორად, რომელიც უნდა იყოსო და ამიტომაც იყო ყველა განცხადებაში ნათქვამი, რომ ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას უცხოელი ამბობს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა