„დროას“ და „ლელოს“ წევრების განცხადებით, დღეს ცესკო-ს სხდომა გაიმართება, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ ადამიანებს საოლქო კომისიების ხელმძღვანელებად დანიშნავენ

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და პარტია „ლელოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

მათი განცხადებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება, სადაც „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ ადამიანებს საოლქო კომისიების ხელმძღვანელებად დანიშნავენ, ცესკოს მაღალჩინოსნები ანაზღაურებას გაიზარდიან, ხოლო უფლებამოსილებას იზრდის კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი. ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელია. მისივე თქმით, გიორგი ჯავახიშვილი საკუთარი „კლანის“ მეშვეობით მართავს ცესკოს.

,,სწორედ ეს ადამიანი აწარმოებს არჩევნების ე.წ. შავ მონიტორინგს. არჩევნების დღეს ჯავახიშვილი სუს-ის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება პარტიის ცენტრალურ ოფისში, სხვენში, სადაც უბნებიდან იღებს შედეგებს და მხოლოდ მისი თანხმობით ხდება ამ შედეგების ატვირთვა ცესკოს სისტემაში. სწორედ ეს გახდა საპარლამენტო არჩევნებზე შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნების მიზეზი. მეორე ადგილი, სადაც ცესკოს დე-ფაქტო მმართველობა იკრიბება, გაზის და ნავთობის კორპორაციაა. ჯავახიშვილის კლანში შედიან - არჩილ ანასაშვილი (იურისტი), ეკა ცაბაშვილი (საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯავახიშვილის მეუღლის მეგობარი), ლევან მაისურაძე (ქართული ოცნების წარმომადგენელი ცესკოში) და სხვა“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ერთობლივ ბრიფინგზე საბა ბუაძემ განაცხადა, რომ კორუფციული ინტერესებითა და ნეპოტიზმით იმართება და კონტროლდება ცესკო „ქართული ოცნების“ მიერ. საბა ბუაძის თქმით, მსგავსი კორუფციული სქემის კარგი მაგალითია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“, ცესკოს სსიპ-ი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს.

„აქ საეჭვო გარემოება არის ის, რომ გრანტები გაცემულია იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მჭიდროდ დაკავშირებული არიან ცესკოსთან. მაგალითად, დები ნიკოლაშვილები. ფიქრია ნიკოლაშვილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად აირჩიეს, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების შემდგომ, კი 2020 წლის 16 ნოემბერს კი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნიკოლაშვილი 2017 წლიდან საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იყო. სწორედ 2017 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სახელმწიფო და მოქალაქე“ დირექტორი, ამ ორგანიზაციას სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-სგან ტრენინგებს ჩასატარებლად 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 106 409 ლარი. მისი და, ელისო ნიკოლაშვილი 2020 წლის არჩევნებზე მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი იყო, მანამდე კი 2014 წლიდან იყო ნაძალადევის რაიონის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი.

ელისო ნიკოლაშვილის მეუღლე კახაბერ მანჯგალაძე 2014 წელს ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, აგრეთვე, 2012 წლიდან არის შპს „ფინეზა“-ს დამფუძნებელი და დირექტორი. აღნიშნული კომპანია ხშირად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში და ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. მისი დამკვეთები ხშირ შემთხვევაში არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიები, თბილისის მერია, სასამართლო და სხვა.

სოფო ნაყოფია გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული დროებითი წევრია, ასევე, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერია. მასთან დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომლის თავმჯდომარე და წევრი არის მისი მეუღლე და შვილი. „დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრს“ სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-სგან 2019 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 50 000 ლარი. საგულისხმოა, რომ ორგანიზაცია დაფუძნებულია 2019 წლის 30 მაისს და პირველი გრანტი (30 000 ლარი) მოპოვებული აქვს 2019 წლის 25 ივნისს.

გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სოფიკო სილაგაძის მეუღლე, ჭაბუკი ჭაბუკიანი დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეგიონების ხელშემწყობთა კავშირთან“. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეა ბესარიონ გულედანი, თუმცა საჯარო რეესტრში ორგანიზაციის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებების შემტანი პირი სოფიკო სილაგაძეა. აღნიშნულ ორგანიზაციას, სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“-სგან 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით მიღებული აქვს 98 962 ლარი. ვლადიმერ ბოჟაძის ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან“ 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით გრანტის სახით 370 770 ლარი მიიღო“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა