ჩინეთი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციებს უწესებს

ჩინეთი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციებს უწესებს.ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, სანქციების დაწესება ევროკავშირის 10 მოქალაქისთვის და 4 ორგანიზაციისთვის გადაწყდა, მათ შორის არიან პოლიტიკოსები. სასანქციე სიაში მოხვდა ევროპარლამენტის 5 დეპუტატი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მის შიდა საქმეებში "უხეშ ჩარევასთან" და "საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევასთან“. საგარეო უწყების პოზიციითვე, ჩინეთი სანქციებს უწესებს იმ პირებსა და დაწესებულებებს, რომლებიც „ბოროტი განზრახვით ავრცელებენ ტყუილსა და ყალბ ინფორმაციას“.

ჩინეთის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა. მათთან დაკავშირებულ კომპანიებსა და დაწესებულებებს კი ასევე ეკრძალებათ ჩინეთთან ურთიერთობა.

მანამდე ბრიუსელმა მთელი რიგი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის სანქციები დააწესა. როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციებშია აღნიშნული, სასანქციე სიაში მოხვდნენ რუსეთის, ჩინეთის, მიანმარის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ სუდანის და ერიტრიას წარმომადგენლები. ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირი მიანმარში სანქცირებს უწესებს 11 პირს ბოლოდროინდელი სამხედრო გადატრიალების და რეპრესიების გამო. ამასთან, ევროსაბჭომ გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს 11 პირსა და 4 დაწესებულებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ევროკავშირის განმარტებით, დარღვევებს შორის არის ჩინეთში სინძიანის პროვინციაში უიღურების მასობრივი თვითნებური დაპატიმრების ფაქტები, რეპრესიები ჩრდილოეთ კორეაში, უკანონო მკვლელობები და იძულებითი გაუჩინარების ფაქტები ლიბიაში, წამება და რეპრესიები ლგბტი პირების და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რუსეთში, ჩეჩნეთში და წამება, სიკვდილით დასჯა და მკვლელობები სამხრეთ სუდანსა და ერიტრიაში. სასანქციე სიაში შესული პირების აქტივები ევროპაში ექვემდებარება გაყინვას, მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ევროკავშირის მოქალაქეებს ან კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ფინანსური საქმიანობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო