კახა კახიშვილი - ძალიან ცუდია, რომ ერთი ქვეყნის შვილებმა მოლაპარაკება ვერ მოვახერხეთ და მოდერაცია გვჭირდება

ძალიან ცუდია, რომ ერთი ქვეყნის შვილებმა მოლაპარაკება ვერ მოვახერხეთ და მოდერაცია გვჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ორივე მხარემ უნდა დათმოს.

ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტშიც და განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება თვითმმართველობის ნაწილში მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას.

„მოლაპარაკებებში არის პაკეტი, რას თმობ და რაზე მოდის შენი ოპონენტი, ხომ? ეპიზოდურად რომ განვიხილოთ, ამ ეპიზოდში რა მოხდება, ან იმ ეპიზოდში, ასე არ ხდება ხოლმე. საუბარი იყო საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე, რაც აუცილებელია. საუბარი იყო სისტემის შეცვლაზე - პროპორციულ არჩევნებზე ეტაპობრივად გადასვლაზე, თვითმმართველობაზე, რისიც კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. გუნდში განვაცხადე კიდეც, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ვგულისხმობ, თვითმმართველობის ნაწილში მაჟორიტარების რიცხვის შეკვეცას. მეორე საკითხია, რას იღებ საამისოდ. ცალ კარში თამაში გინახავთ?- ამიტომ ორივე მხარემ უნდა დათმოს. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ, ერთი ქვეყნის შვილებმა ვერ მოვახერხეთ მოლაპარაკება და მოდერაცია გვჭირდება, თუნდაც ჩვენი ყველაზე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობის. ფაქტია, რომ ესეც ჩვენი მინუსია. ჩვენ ერთმანეთთან საუბარი ვერ ვისწავლეთ, იმდენად გადაგვიყოლა პოლიტიკურმა პროცესებმა. წლების მანძილზე საზოგადოების გაყოფა სტენდალის ფერებით იმდენად ჩაგვიჯდა ხასიათში, რომ ზოგს ზიზღში გადასდის უკვე მეორე ადამიანი, ვინც პოლიტიკურად სხვა გემოვნებისაა და მხარს არ გიჭერს. პიროვნული ზიზღი ჩნდება და პიროვნული ბრძოლები იწყება ამ ადამიანების მიმართ. წლებია ამას ვაკვირდებით და ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას, ეგრე ვიქნებით“, - აღნიშნა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა