ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ მოგვცა საშუალება, უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურებისთვის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორი, პანდემიამ საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც ძალიან დააზარალა.

როგორც მან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას განაცხადა, პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ მმართველ გუნდს საშუალება მისცა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის უფრო ადრე გაეხსნა.

„ვხედავ ჩვენს განახლებულ ბათუმის აეროპორტს. ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან. ყველას მოგეხსნებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე ორი უმთავრესი ამოცანა დგას - ეს არის პანდემიის დამარცხება და რაც შეიძლება მოკლე დროში, მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ასევე, კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი. მოგეხსენებათ, რომ ეს სექტორი პანდემიამ ჩვენთანაც და მთელს მსოფლიოშიც ძალიან დააზარალა. ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. ეს პერიოდი ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ მოგვცა საშუალება, უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის და კიდევ ერთხელ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. აეროპორტის განვითარებითა და განახლებით მისი გამტარიანობა გაორმაგდა და წელიწადში 1.2 მლნ მგზავრის მომსახურება შეეძლება.

ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საერთაშორისო ინვესტორებმა ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა. პანდემიის პირობებში ამხელა ინვესტიცია ასეთ მოკლე დროში არის დასაფასებელი. სამუშაოებზე 300-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული. მადლობა ინვესტორებს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებსა და მშენებლებს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა