კომპანია „შუქრუთი+“ - კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების პიკეტირება მოხსნილია

კოროხნალის და შუქრუთის მაღაროების პიკეტირება მოხსნილია. მადნის მომპოვებელმა კომპანია „შუქრუთი+“-მა სამუშაო პროცესი დილიდან განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „შუქრუთი+“-დან აცნობეს, პიკეტირების მოხსნას წინ უძღვოდა სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შორის დაპირისპირება.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის ერთ ნაწილს, ვინც მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა და პროტესტი საწარმოო ობიექტების პარალიზებით გამოხატა, სოფლის ის მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც კომპანიისგან კუთვნილი კომპენსაციები უკვე მიიღეს, ან თანხის მოლოდინში იყვნენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ განაცხადეს, რომ "შუქრუთი+"-მა მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა პირობა სრულად შეასრულა და 9 თვეში დაპირებულზე მეტი თანხა გასცა, ამიტომ, მათი აზრით, თანასოფლელების ერთი ნაწილის პროტესტის რადიკალური ფორმა და საწარმოო პროცესის შეფერხება უადგილო იყო.

„აღსანიშნავია, რომ ასამდე შუქრუთელმა დაახლოებით ერთი კვირის წინ უკმაყოფილება კოლექტიურ განცხადებაშიც ასახა, სადაც წერდნენ, რომ არ ეთანხმებოდნენ მაღაროების პიკეტირებას, რაც კომპენსაციების გაცემას აფერხებდა და ადგილობრივ მერიასა და პოლიციას წერილობითაც მიმართეს, სადაც სთხოვდნენ, პიკეტირების მოსახსნელად სამართლებრივი ზომებისთვის მიემართათ.

საწარმოო პროცესის შეფერხებას შესაძლოა პრობლემა შეექმნა "შუქრუთი+"-ს 800-მდე დასაქმებული პირისთვისაც და თავის მხრივ, მაღაროების პიკეტირებას კომპანიის თანამშრომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ.

პიკეტირების მოხსნის შემდეგ, უკვე დღეს, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გადამაგრების სამუშაოები დაიწყო და რამდენიმე დღეში კომპანია მადნის მოპოვების პროცესს სრულად აღადგენს.

მადანმომპოვებელი კომპანია "შუქრუთი+" ჭიათურაში, კერძოდ, სოფელ შუქრუთში გასული წლიდან ოპერირებს. მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია ვალდებულებას იღებდა, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალისთვის, შეთანხმების დადებიდან პირველ წელს, თანხა 700 000 ლარის ფარგლებში გამოეყო, თუმცა, "შუქრუთი+"-მა ბოლო 9 თვის განმავლობაში მოსახლეობაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტი, 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა. კომპენსაციებით მოსახლეობის ნაწილი სრულად დაკმაყოფილდა, რიგ ოჯახებს კი მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა.

კომპანიამ სოფელ შუქრუთში ოპერირება გასულ წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" აქ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე უარი განაცხადა. "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით გასულ წლებში საპროესტო აქციები გამართა და პიკეტირება მოაწყო, რის გამოც მან ადგილზე საწარმოო პროცესი შეწყვიტა.

მოგვიანებით, "შუქრუთი+" მოსახლეობას მოელაპარაკა, რომ აღნიშნულ მაღაროზე ზემოთხსენებული შეთანხმების შემთხვევაში, ოპერირებას თავად დაიწყებდა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა