ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას პირველი აპრილიდან დაიწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა.

მონეტის დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. მონეტა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 80 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის პირველი აპრილის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით -https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.

„პროდუქცია 2021 წლის პირველი აპრილიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ორი მონეტის შეძენა შეეძლება, რათა მეტი კოლექციონერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ტოკიოს მთავარი ოლიმპიური არენის არქიტექტურის სტილიზებული გრაფიკული გამოსახულება. არენის შიდა ნაწილში გამოსახულია საქართველოს მოფრიალე დროშა. მონეტის ცენტრალურ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ლოგო. წრიულ რკალში კი დატანილია წარწერები "NATIONAL OLYMPIC TEAM OF GEORGIA" და "ზაფხულის ოლიმპიური თამაშები".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს სპორტული მარათონის სარბენი ბილიკის სტილიზებული გამოსახულება. დატანილია წარწერები: "5 ლარი", ოლიმპიადის სლოგანი "DISCOVER TOMORROW" და "SUMMER OLYMPIC GAMES IN JAPAN". ხოლო ქვედა არასტანდარტულ რკალში კი განთავსებულია ფარული გამოსახულება, რომელზეც მონეტის განსხვავებული კუთხით დახრისას მონაცვლეობით ჩნდება წლები "2020" და "2021", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მონეტის მონაცემებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შემადგენლობა: Ag 925-ია, წონა: 15.5 გ, დიამეტრი: 33 მმ, წიბო: გლუვი, ხარისხი: პრუფი, მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი, გამოშვების წელი: 2020.

ცნობისთვის, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით (Covid-19) გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოიცავს. მათ შორისაა, მძლეოსნობა, ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, კალათბურთი, ცურვა, ტანვარჯიში, ფარიკაობა და ა.შ.

საქართველოს სპორტის ოლიმპიური ისტორია XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. წინა წლების ოლიმპიადებისა და შემდგომ, დიდ საერთაშორისო ასპარეზობებზე სპორტსმენთა მიერ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს წარმომადგენლები მომავალ ოლიმპიურ თამაშებზეც წარმატებებს მიაღწევენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მონეტის დიზაინში გამოყენებულ ლოგოსა და წარწერებთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა