რუსეთის საგარეო უწყება - ძალის გამოუყენლობაზე დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა ნაკარნახევია აშშ-სა და ნატო-ს აქტიურობის ზრდით, მათ შორის საქართველოს ნატო-ში იძულების წესით გაწევრიანების გეგმით

ძალის გამოუყენლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოს ნატო-ში იძულებითი წესით გაწევრიანების გეგმით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა მოითხოვეს, რომ ძალისხმევა კონცენტრირებული იყოს სამხრეთ კავკასიაში მყარი და სანდო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რუსეთი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ამ სტრატეგიული ამოცანის მიღწევა შეუძლებელია, ერთი მხრივ თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის გაფორმების გარეშე. სწორედ ეს პრაქტიკული ზომა შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს სასაზღვრო ზონასა და, ზოგადად, რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო სიტუაციის შექმნაში. ასეთი დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობა ნაკარნახევია აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ზრდით სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოს ნატო-ში იძულებითი წესით გაწევრიანების გეგმით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის კიდევ უფრო შემცირებას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტიაცია-დემარკაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკის კონტრპროდუქტიულობაზე.“

„ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ფორმირებას, არამედ ბლოკავს ზოგიერთ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული ჯგუფის სრულად ფუნქციონირებას. კერძოდ, საუბარია საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად წარდგენილ პოლიტიზებულ რეზოლუციაზე დროებით იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ, რაც იმ პირობებში ხდება, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვალავაც არ აქვთ საშუალება, წარმოადგინონ ნიუ-იორკში საკუთარი მოსაზრება ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისის ბოლოს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა