საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ 26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.

„მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში.

ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებზე.

საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.

ვრცელი საუბარი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკულ აუცილებლობაზე.

აღინიშნა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას. საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა