დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე - მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც - სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ანდრია ჯაღმაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეპარქიაში დაძაბულობა სიმშვიდით შეიცვლება.

„ზოგადად, ეპარქიაში დაძაბულობა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად დიდხანს ცხოვრობდნენ და სჯერათ, თუ უნდათ, რომ დაიჯერონ ის პათოსი, რასაც მეუფე ამბობს. ამიტომ, გარკვეული წინააღმდეგობა აქვთ. სინოდის კრებიდან მალევე ჩვენ მოვისმინეთ წინასწარ დაანონსებული განცხადებები, რომ ეპარქიაში სიმშვიდე არ იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ თავად ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმაც მოუწოდა ურჩობისკენ. შედეგი ის არის, რაც არის, თუმცა მმართველი მღვდელმთავარია და მას შეუძლია მიიღოს ზომები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც საეკლესიო კანონით უფლებას მისცემს.

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც. ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სიმშვიდე იქნება, რადგან სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს“, - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიმართ წლების მანძილზე დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ასეთი ცილისწამება მიუღებელია.

„პატრიარქის მიმართ წლების მანძილზე დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. რა თქმა უნდა, ეს ცილისწამებაა და მიუღებელია ისეთი სახით რაღაცის მტკიცება, როცა საფუძველი არ არსებობს“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მარტვილში მრევლისა და ბერ-მონაზვნების ნაწილს, რომლებიც, მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმასა და ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა იქამდე, ვიდრე არ მოინანიებენ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი