პარლამენტი ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, პირები, რომელთა ტრანსპორტიც 112-ის სადგომზე 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიყვანეს, 100 ლარის სანაცვლოდ, საფასურისგან გათავისუფლდებიან

პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, პირები, რომელთა ტრანსპორტიც 112-ის სადგომზე 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაიყვანეს, 100 ლარის სანაცვლოდ, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურისგან გათავისუფლდებიან.

საკანონმდებლო ცვლილებებს 29 მარტის სხდომაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. პროექტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა წარადგენენ.

100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 112-ის სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც სადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე გადაიყვანეს. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილმა პირებმა სატრანსპორტო საშუალების გაყვანა კანონის ამოქმედებიდან 3-თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

მთავრობა პარლამენტს სპეციალური დაცული სადგომების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საფასურის გადახდევინების ახალ მექანიზმსა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავი იჩინა ცალკეულმა პრობლემებმა. კერძოდ, ვერ ხორციელდება დაცული სადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშულებათა ეფექტური გადინება, მათი მესაკუთრეები უარს აცხადებენ სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, აღნიშნული პრობლემა, თავის მხრივ, იწვევს დაცული სადგომების არამიზნობრივად გადატვირთვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112“ იძულებულია დამატებით, იჯარით აიღოს მიწის ნაკვეთები, რომელზეც ახალ დაცული სადგომები ეწყობა. უწყების ინფორმაციით, ერთი მხრივ, სახეზეა დაცულ სადგომზე დიდი და მზარდი რაოდენობით დაგროვებული ავტომანქანები, ხოლო მეორე მხრივ, მათზე რეაგირების არაეფექტური მექანიზმი, “112“-ის ხელში კი, არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რაც უზრუნველყოფს საჭიროების გასვლის შემდეგ უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა ავტოსადგომებიდან.

“2014-2020 წლებში, 112-ის დაცულ სადგომზე 73 820 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, საიდანაც 1 207 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დღემდე დგას. აღსანიშნავია, რომ აქედან 50 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება დაცულ სადგომზე დგას 2014 წლიდან, 135 - 2015 წლიდან, 177 - 2016 წლიდან, ხოლო 212 - 2017 წლიდან. დამატებითი დაცული სადგომების იჯარის ღირებულებამ კი 2015-2020 წლებში (ოქტომბრის მდგომარეობით) შეადგინა 551,874.07 ლარი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია შეიქმნას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების სერვისის საფასურის გადახდევინების ეფექტიანი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112“-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული აღნიშნული ფუნქციის ეფექტიანი შესრულება.

აღსანიშნავია, რომ 2014-2020 წლებში 112-ის დაცულ სადგომზე მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის დავალიანება შეადგენს 3 735 195 ლარს. შესაბამისად, თითოეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე რამდენიმე ასეული ლარის დავალიანებაც შეიძლება ირიცხებოდეს, რაც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მათ. ცალკეულ შემთხვევებში კი შეიძლება დავალიანებამ გადააჭარბოს სატრანსპორტო საშუალების თვითღირებულებასაც“, - ნათქვამია პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა