მსოფლიო ბანკი - პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აღრმავებს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება აღინიშნა, თუმცა, ამ პროცესის სარგებელი არათანაბრად განაწილდა მამაკაცებსა და ქალებს შორის - ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება“.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ქალებისთვის მნიშვნელოვნად ცვალებადობს, რაც მიღებულ განათლებაზე, ოჯახურ მდგომარეობაზე და სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.

ანგარიშის მიხედვით, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიღწეული წინსვლის მიუხედავად, COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ქვეყანა სტაგნაციის და ზოგიერთ სფეროში უკუსვლის რისკის წინაშეც კი დგას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებისთვის განათლება ხელმისაწვდომია, ეს შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს მათი უნარ-ჩვევების ან/და შრომითი ბაზრის შედეგების გაუმჯობესებას. სასკოლო განათლების თითქმის საყოველთაო დაფარვის მიუხედავად, განათლების სისტემას უჭირს ვაჟებისა და გოგონების ხარისხიანი განათლებითა და უნარებით უზრუნველყოფა, რაც დასტურდება ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსში (HCI) საქართველოს ქულით - 0.57, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები 18 წლის ასაკისთვის თავიანთი ადამიანური კაპიტალის პოტენციალის მხოლოდ 57 პროცენტის რეალიზაციას ახერხებენ“,-აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამომავლოდ, საქართველომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული ღონისძიებები სათანადო უნარ-ჩვევების ათვისების ხელშესაწყობად და, როგორც ანგარიში მიუთითებს, ასევე გააუმჯობესოს ქალთა უნარი შრომით ბაზარსა და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის თვალსაზრისით. აღნიშნულ პრიორიტეტებს შეუძლია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და ასევე, მათი კეთილდღეობისა და სხვადასხვა სფეროში განვითარებისა ხელშეწყობა“, - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასების თანახმად, ქალების წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე შეზღუდულია მამაკაცებთან შედარებით.

„საქართველოში გენდერული უთანასწორობა შრომით რესურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით 19 პროცენტული ერთეულია, ხოლო რაც შეეხება ხელფასს, მამაკაცების ანაზღაურება 16 პროცენტით მაღალია ვიდრე ქალებისა, დემოგრაფიული და სამუშაოს მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, ქალთა პროფესიული და დარგობრივი სეგრეგაცია განაპირობებს მათ დასაქმებას ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, სადაც შემოსავლები დაბალია. ისინი, როგორც წესი, ნაკლებად ჩართული არიან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ფინანსებთან შეზღუდულ წვდომასა და სხვა ბარიერებს ქალთა სამეწარმეო პოტენციალის შეზღუდვა შეუძლია.

“წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიომ აღნიშნა ქალთა ლიდერობის მნიშვნელობა და მათი წვლილი COVID-19-ის მიმართ განხორციელებულ საპასუხო ღონისძიებებში, მაგრამ პანდემია ამავდროულად აფერხებს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით აქამდე მიღწეიულ პროგრესს და ქმნის ჯერ კიდევ არსებული გენდერული უთანასწორობის გაფართოების რისკს,“- აცხადებს მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი ალან ფუქს ტარლოვსკი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა გენდერული მოწყვლადობა, რის გამოც ქალები უდიდესი სტრესის წინაშე დგანან, რადგან მათ უწევთ ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი შრომის დაბალანსება, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, ოჯახისა და ბავშვის მოვლის საჭიროებას, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი ბიზნესისა და საქმიანობის წარმატებულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

„საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ COVID-19 -ის პანდემიის დაწყების შემდეგ ქალები უფრო მეტად ტოვებენ სამსახურს, ვიდრე მამაკაცები.

სხვა ქვეყნების მსგავსად, შეზღუდული მონაცემები ძირითად ბარიერს წარმოადგენს საქართველოში გენდერული ძალადობის (GBV) შესწავლისა და მასზე რეაგირების თვალსაზრისით. ხელმისაწვდომი მონაცემები კი მიუთითებს, რომ ქალების 6 პროცენტი ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას განიცდის თავისი პარტნიორის მხრიდან. ხშირად არ ხდება გენდერული ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არსებული პოლიტიკისა და სერვისების განვითარების მიუხედავად. მეორე მხრივ, გენდერული ნორმები, რომლებიც ტრადიციულად განაპირობებდა გენდერულ ძალადობას, იცვლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

მსოფლიო ბანკი განაგრძობს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად“,-აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა