ბიძინა ლებანიძე - ქვეყნის მთავარი გამოწვევაა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტა, რომელიც მუდმივად პარტიულ და პირად ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესზე მაღლა

გერმანიის კანცლერის პოსტს უკანასკნელ წლებში ევროპული პოლიტიკური სცენის ყველაზე წონიანი და ანგარიშგასაწევი ლიდერი ანგელა მერკელი დატოვებს.

გერმანიის კანცლერად მერკელის 16 წლიანი საქმიანობის შედეგებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები გერმანიაში მერკელის გარეშე, „ინტერპრესნიუსი იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, კანცლერმა ანგელა მერკელმა ჯერ მმართველი პარტიის პოსტი და არჩევნების შემდეგ კანცლერის პოსტსაც დატოვებს. იგი 16 წელი მართავდა გერმანიას და საკმაოდ წარმატებითაც შეძლო შეენარჩუნებინა ამ ქვეყანას არა მარტო ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი, არამედ ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის სტატუსიც.

გერმანიის გაერთიანების შემდეეგ ანგელა მერკელი პირველი პოლიტიკოსი იყო ყოფილი დემოკრატიული გერმანიიდან, ვინც გერმანიის მმართველობა ჩაიბარა. როცა გაცხადდა, რომ მერკელი კანცლერის პოსტს მალე დატოვებდა გერმანიის პოლიტიკურმა ელიტამ იგი 6 წუთიანი ტაშით დააჯილდოვა.

რადგან მერკელი გერმანიისა და ევროპის პოლიტიკურ სცენას მალე დატოვებს, უკვე თამამად შეიძლება მისი მოღვაწეობის შედეგებზე საუბარიც.

ფაქტია, რომ ამ თემაზე მსჯელობისას თავად გერმანისა და ევროპის ქვეყნებშიც აზრთა სხვადასხვაობა. ეს გასაკვირი სულაც არაა, ვინაიდან მერკელს საკმაოდ რთულ დროს მოუწია ყოფილიყო გერმანიის პირველი პირი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ანგელა მერკელის მოღვაწეობას გერმანიის კანცლერის პოსტზე? რისი გაკეთება შეძლო მან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ვისი ვერა?

- ანგელა მერკელი პრაგმატულ პოლიტიკოსად ითვლება, რომელმაც გერმანიას ეკონომიკური წინსვლა და სტაბილურობა მოუტანა, თუმცა მის მმართველობის ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც. მას ბრალს დებენ იმაში, რომ საკუთარ პარტიას ქრისტიან-დემოკრატიული პროფილი დაუკარგა, რადგანაც ყველა საკითხს ზედმეტად პრაგმატულად უდგებოდა.

ბოლო პერიოდში, ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო ალბათ მიგრანტთა კრიზისის დროს არათანმიმდევრული პოლიტიკა, და ასევე კოვიდ-19-ის ვაქცინის შესყიდვის ევროკავშირისთვის გადაბარება, რის შედეგადაც გერმანია ჩამორჩება ვაქციანაციის ტემპით მთელ რიგ ქვეყნებს და გრძელდება მკაცრი ლოქდაუნი.

ეს შეიძლება მერკელის პარტიას არჩევნების წაგებადაც დაუჯდეს, მათი რეიტინგი კატასტროფული სიჩქარით ეცემა.

ანგელა მერკელი პრაგმატულ პოლიტიკოსად ითვლება, რადგანაც ყველა საკითხს ზედმეტად პრაგმატულად უდგებოდა... ეს შეიძლება მერკელის პარტიას არჩევნების წაგებადაც დაუჯდეს, მათი რეიტინგი კატასტროფული სიჩქარით ეცემა

- ფაქტია, რომ უკანასკნელ წლებში გერმანიასა და ევროპის რიგ ქვეყნებში გააქტიურებული არიან როგორც მემარცხენეები, ისე ულტრამემარჯვენეები. მათი ნაწილი აქტიურად ეწინააღმდეგება ბერლინის მიერ წარმოებულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ.

გერმანიაში ხშირად ისმის მოწოდებები იმის თაობაზე, რომ ბერლინმა უარი უნდა თქვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე. არადა, ეკონომიკური სანქციები ის ერთადერთი მექანიზმია, რითაც დასავლეთი ცდილობს რუსეთის შეკავებას არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

არც ევროპის ქვეყნებში და არც მოსკოვში კარგა ხანია აღავინ მალავს, რომ ამ ქვეყნებში პრორუსული განწყობების უკან კრემლისა და რუსული სპეცსამსახურების ხელი სულ უფრო ნათლად ჩანს.

რამდენად დიდია ამ პროცესებში რუსული კვალი და თქვენი დაკვირვებით ეს ტენდენციები გერმანიის შიდა პოლიტიკაში შენარჩუნდება მერკელის წასვლის შემდეგ, თუ რაიმე ახალს უნდა ველოდოთ?

- პრო-რუსული განწყობები გერმანიაში მხოლოდ ულტრამემარჯვენეებში და მემარცხენეებში არ არის. თვით ანგელა მერკელიც და მისი მთავრობა ერთი ხელით რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს უჭერს მხარს, მაგრამ, მეორე ხელით გამალებით აშენებენ ნორდსტრიმის მეორე გაზსადენს.

პრო-რუსული განწყობები გერმანიაში მხოლოდ ულტრამემარჯვენეებში და მემარცხენეებში არ არის. თვით ანგელა მერკელიც და მისი მთავრობა ერთი ხელით რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს უჭერს მხარს, მაგრამ, მეორე ხელით გამალებით აშენებენ ნორდსტრიმის მეორე გაზსადენს

აშშ და ევროპელი მოკავშირეები ბევრს ცდილობენ რომ გადაარწმუნონ გერმანელი პარტნიორები ნორდსტრიმის მეორე გაზსადენის მშენებლობაში. ამერიკამ სანქციებიც კი დაუწესა მონაწილე კომპანიებს, მაგრამ გერმანიის მთავრობა კბილებით იცავს ნავთობსადენს და რუსეთთან ექსკლუზიურ თანამშრომლობას ენერგო სფეროში.

ამას ვერ დაარქმევ ცალსახად ანტირუსულ პოლიტიკას და გერმანიის ეს მიდგომაც არ შეიცვლება, სანამ მერკელია ხელისუფლებაში, და არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ხაზის გამტარებელი პოლიტიკოსი გახდება ახალი კანცლერი, როგორიცაა არმინ ლაშეტი.

აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ოპტიმალური ვარიანტი იქნება, მწვანეების მოსვლა გერმანიის სახელისუფლებო კოალიციაში. გერმანელ მწვანეებს ყველაზე კრიტიკული პოზიცია აქვთ პუტინის რეჟიმის მიმართ. კარგად არიან განწყობილი ასევე საქართველოს მიმართ და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს.

ყველაზე უარესი ვარიანტი საქართველოსთვის იქნება, გერმანიაში სოციალ-დემოკრატების გაძლიერება და მათი მემარცხენეებთან კოალიცია. ეს ორი პარტია ტრადიციულად ყველაზე პრო-რუსულია გერამნიის პოლიტიკურ სპექტრში.

ყველაზე უარესი ვარიანტი საქართველოსთვის იქნება, გერმანიაში სოციალ-დემოკრატების გაძლიერება და მათი მემარცხენეებთან კოალიცია. ეს ორი პარტია ტრადიციულად ყველაზე პრო-რუსულია გერამნიის პოლიტიკურ სპექტრში

რაც შეეხება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ულტრამემერჯვენე პარტიას, მათი ხელისუფლებაში მოსვლა ამ ეტაპზე ნაკლებ რეალისტურია.

- თუ არ ვცდები, 12 წლის წინ თბილისში ერთი გერმანელი ფოტოგრაფის გამოფენაზე გახლდით და გამოფენაზე წარმოდგენილმა ექსპოზიციამ ცოტა გამაკვირვა.

ფოტოგრაფს გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა იმ ადამიანებისა და ოჯახების სურათები, რომელიც მას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ჰქონდა გადაღებული. ასევე იმავე ხალხის სურათები, გერმანიის გაერთიანების 20-25 წლის შემდეგ.

აშკარა იყო, რომ ფოტოგრაფსაც და სურათებზე გამოსახულს ხალხს რუსეთის გავლენის დროინდელი პერიოდის ნოსტალგია ჰქონდათ. გერმანიის გაერთიანებით ერთი ერი კი გაერთიანდა, მაგრამ მაშინ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბევრი თვალსაზრისით გაერთიანება თუ სრულად არ დასრულებულა, გაერთიანებულ გერმანიაში რუსეთის მიმართ ნოსტალგიური განწყობები რეალურად არსებობს.

თქვენი დაკვირვებით, რა გავლენა აქვთ გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც რუსეთის მიმართ ნოსტალგიური განწყობები აქვთ?

- დიახ, ნოსტალგიები არსებობს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობაში და ამ მიწებზე ყოფილ კომუნისტურ პარტიას, დღევანდელ მემარცხენეებს ტრადიციულად ბევრი ამომრჩეველი ჰყავს.

მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი განმსაზღრველი ფაქტორი გერმანიის პრო-რუსული განწყობების. თვით შრიოდერი, რომელიც გერმანიის პრო-რუსულობის სიმბოლია, დასავლეთ გერმანიიდანაა და გერმანიის კომუნისტურ წარსულთან საერთო ნაკლები აქვს.

იგივე ეხება სხვა პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა უნდათ. გერმანელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რუსეთთან ეკონომიკურ და ენერგო ურთიერთობებს, რუსეთის გასაღების ბაზარს.

გერმანელებს ასევე გამოყოლილი აქვთ დანაშაულის განცდა მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული და არ სურთ ბევრი პასუხისმგებლობის აღება საგარეო საქმეებში, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, ურჩევნიათ კომფორტულად საკუთარ ნაჭუჭში იცხოვრონ. მსგავსი მენტალური შეზღუდვების გამო გერმანია ვერასდროს გახდება თავისუფალი სამყაროს ისეთი ლიდერი, როგორიც აშშ იყო, და ბევრის აზრით, დღემდე არის.

გერმანელებს გამოყოლილი აქვთ დანაშაულის განცდა მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული და არ სურთ ბევრი პასუხისმგებლობის აღება საგარეო საქმეებში, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, ურჩევნიათ კომფორტულად საკუთარ ნაჭუჭში იცხოვრონ. მსგავსი მენტალური შეზღუდვების გამო გერმანია ვერასდროს გახდება თავისუფალი სამყაროს ისეთი ლიდერი, როგორიც აშშ იყო, და ბევრის აზრით, დღემდე არის

- როგორ შეაფასებდით ანგელა მერკელის მმართველობის დროს გერმანიის საგარეო პოლიტიაკას? ბრექსიტის შემდეგ გერმანიის როლს ევროპულ და ევროატლანტიკურ პოლიტიკაში?

- მერკელი იყო სტაბილურობის სიმბოლო, გერმანელებს კი უყვართ სტაბილურობის განცდა, ამიტომაც აირჩიეს ის ოთხჯერ. მერკელი ევროკავშირის მასშტაბითაც სტაბილურობის სიმბოლოდ აღიქმება, მისი ლიდერობით გადალახა ევროკავშირმა ფინანსური კრიზისი, გაუმკლავდა ბრექსიტს, თუმცა ძალიან გაუჭირდათ მიგრანტთა კრიზისთან გამკლავება.

მეორე მხრივ, მერკელი რამდენადაც პრაგმატულია, იმდენადაა მოკლებული ფართო ხედვას და ინოვაციურ იდეებს. ამიტომაა რომ მისი მმართველობის პერიოდში ვერ მოხერხდა ევროკავშირის ძირეული რეფორმირება.

გერმანელების გადმოსახედიდან 2008-ში საქართველოსთვის მაპ-ის მიცემით მათ არ უღირდათ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა. მას შემდეგ, უკრაინის მოვლენებმა რუსეთის იმიჯი გერმანიაში გააფუჭა და რუსეთ-გერმანიის ურთიერთობაც დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

- ახლა როცა კრემლი არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეშია გააქტიურებული, თან საკმაოდ აგრესიულად, ბევრი სამართლიანად შენიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ილუზორული და არაეფექტური იყო.

მეტიც, დასავლეთის პოზიცია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ უფრო მკაფიო ყოფილიყო, იგივე მერკელს 2008 წელს წინააღმდეგობა რომ არ გაეწია საქართველოსთვის მაპი-ს მინიჭებაზე, არაა გამორიცხული, რომ კრემლი 2008 წელს გაბედავდა საქართველოს წინააღმდეგ ომის წარმოებასა და იმ ვითარების შექმნას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

როცა მერკელი 2008 წელს ჯიუტად ამბობდა უარს საქართველსთვის მაპი-ს მინიჭებაზე, თქვენი აზრით, ეს რა უფრო მეტად იყო - პუტინის გავლების ქვეშ ყოფნა, თუ იმის წრმენა, რომ მოსკოვი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ სამხედრო აგრესიაზე არ წავიდოდა?

- დიახ, გერმანიას არ სურდა რუსეთის გაღიზიანება 2008 წელს, მაგრამ არა იმიტომ რომ გერმანიის მთავრობა პუტინის გავლენის ქვეშ იყო. რუსეთის გავლენები ხშირად გადაჭარბებით ფასდება ხოლმე. ეს არის ზოგადად გერმანიის მიდგომა, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სტაბილურობა ყველგან სადაც შესაძლებელია, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში.

გერმანელების გადმოსახედიდან 2008-ში საქართველოსთვის მაპ-ის მიცემით მათ არ უღირდათ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა. მას შემდეგ, უკრაინის მოვლენებმა რუსეთის იმიჯი გერმანიაში გააფუჭა და რუსეთ-გერმანიის ურთიერთობაც დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

თუ საქართველოში სტაბილურობა და დემოკრატიული წინსვლა არ იქნება, ევროპის ინტერესი გაქრება და მასთან ერთად გაქრება ევროპული პერსპექტივაც. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი შეცდომების დაშვების ფუფუნება, როგორსაც ხშირად უშვებს

მაგრამ, მინიმუმ სანამ მერკელია ხელისუფლებაში, გერმანიის სკეპტიციზმი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ მაინც არ შეიცვლება. ასე რომ საქართველოსთვის მერკელის წასვლა შეიძლება ახალი უკეთესი ერის დასაწყისი იყოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

თუმცა, ისიც არაა გამორიცხული, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს თუ ახალი კანცლერი სოციალ-დემოკრატი იქნება, ან თუნდაც იგივე ლაშეტი თუ უფრო პრო-რუსულ კურსს გაატარებეს, დაზუსტებით ეს ჯერ არ ვიცით.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ მას შემდეგ რაც თეთრ სახლში ბინა ბაიდენმა დაიდო, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკა საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნდა, ვაშინგტონსა და ბერლინს, ვაშინგტონსა და პარიზსა და ვაშინგტონსა და ბრიუსელს დრო დასჭირდებათ ურთიერთობები იმ დონეზე აიყვანონ, რაც ეს ტრამპის გაპრეზიდენტებამდე იყო.

ეტყობა ასე იქნება, მაგრამ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპაში აშშ-ს ყველაზე ძლიერი პარტნიორი და დასაყრდები კვლავ გერმანია იქნება?

- გერმანიას და აშშ-ს აქვთ უთანხმოება ნორდსტრიმის გარშემო. ასევე გერმანიამ და ევროკავშირმა ბაიდენის გაპრეზიდენტებას დაამთხვიეს ჩინეთთან ახალი ხელშკრულების გაფორმება, რაც მინიმუმ არ ემთხვევა აშშ-ს ინტერესებს ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომში.

არსებობს ასევე სხვა უთანხმოებებიც. მაგალითად, რუსეთთან სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე, ორმხრივ საინვესტიციო პოლიტიკაზე, ტარიფებზე და ა.შ.

ზოგადად, რა თქმა უნდა, გერმანია-აშშ-ს ურთიერთობები ფორმალურად და რიტორიკულად გაუმჯობესდება, რაც მოსალოდნელიც იყო ტრამპის კონფრონტაციული კურსის შემდეგ. მაგრამ ის არ დაუბრუნდება ადრინდელ ნიშნულს.

შრიოდერისგან განსხვავებით პერსონალურად არასდროს ყოფილა პუტინის რეჟიმის მეგობარი და დამცველი, არც პუტინთან ჰქონია ახლო მეგობრობა. ამიტომ არამგონია პოზიცია ასე კარდინალურად შეიცვალოს, როცა კანცლერი აღარ იქნება

- გერმანიისქრისტიან-დემოკრატიული კავშირისახალ თავმჯდომარედ არმინ ლაშეტი აირჩიეს. ლაშეტს მხარი ყრილობის 521-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 466 წავიდა.

ლაშეტის შესახებ უკვე ბევრი ითქვა როცა ის აირჩიეს, დოიჩე ველეწერდა, რომ ლაშეტი, რომელიც 2017 წლის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერი იყო, ანგელა მერკელის პოლიტიკური კურსის ყველაზე მტკიცე გამგრძელებლად მოიაზრება.

მიუხედავად ამისა, მაინც გკითხავთ - თქვენ დაკვირვებით ვინ და როგორი იქნება გერმანიის ახალი კანცლერი და როგორი იქნება მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

- დიახ, არმინ ლაშეტზე ფიქრობენ რომ მერკელის კურსის გამგრძელებელი იქნება, ამიტომ რუსეთისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ბევრი არაფერი შეიცვლება.

საქართველოსთვის ლაშეტს ქრისტიან-დემოკრატების ყველა სხვა კანდიდატი ჯობდა, პირველ რიგში ნორბერტ რიოტგენი, თუმცა სხვებიც. კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა მწვანეების ხელისუფლებაში მოსვლა კანცლერით ან მინიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრით, რისი შანსიც იზრდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

- საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეხუთე თვეა გრძელდება პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისის არსებობას ხელისუფლება არ აღიარებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ პროცესში ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შემდეგ მისი პირადი წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი, შემდეგ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჩაერთვნენ, პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ შედეგი მაინც არც ჩანს.

მალე ეს პროცესი ისევ ქრისტიან დანიელსონით გაგრძელდება. ორივე მხარე აცხადებს შეთანხმებისთვის მზაობას, მაგრამ თუ მათ საჯარო განცხადებებს დავაკვირდებით, ჯერჯერობით, ოპოტიმიზმის საფუძველი არ არსებობს.

როგორ ჩანს და აღიქვამენ გერმანიაში იმ პროცესს, რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება?

- საქართველო დიდი ხანი აღიქმებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყნად, თუმცა ეს უპირატესობა ნელნელა ქრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანია და ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათი მეზობელი ქვეყნების სტაბილურობას.

თუ საქართველოში სტაბილურობა და დემოკრატიული წინსვლა არ იქნება, ევროპის ინტერესი გაქრება და მასთან ერთად გაქრება ევროპული პერსპექტივაც. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი შეცდომების დაშვების ფუფუნება, როგორსაც ხშირად უშვებს.

თუ ძიძის ყოლა ვინმესთვის რაიმე სტატუსთან ან პრესტიჟთან ასოცირდება, ეს რა თქმა უნდა მენტალური გადახრაა

ქვეყანას აქვს არასახარბიელო გეოპოლიტიკური მდებარეობა, დაძაბულობა რუსეთთან, კონფლიქტური ტერიტორიები, სოციალური პრობლემები და ეკონომიკური სტაგნაცია.

ამის კომპენსირებისთვის საჭიროა რომ ქვეყანამ მაგიდაზე დადოს მყარი არგუმენტები, რაც ამ ნაკლოვანებებს გადაწონის - ეს შეიძლება იყოს დემოკრატიის ყველაზე მაღალი დონე რეგიონში, დამოუკიდებელი სასამართლო, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა და ა.შ. რათა დაინახოს ევროკავშირმა რომ მისი „რბილი ძალა“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ ქვეყანაში მაინც მოქმედებს.

ეს მისცემს ევროკავშირს მეტ მოტივაციას, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მისცეს. ასეთი მყარი არგუმენტების გარეშე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ადგილიდან არ დაიძვრება.

- თუ ისევ მოლაპარაკებების პროცესის თემას დავუბრუნდებით, თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი შეთანხმებით დასრულდება?

და კიდევ - თუ ისევ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა, სავარაუდოდ, როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ევროპულ რეპუტაციაზე?

- ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამით პირველ რიგში საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაზარალდება. თუ კრიზისი მანამდე არ მოგვარდება და დემოკრატიულ მაჩვენებლებში საქართველო წინ არ წაიწევს, 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა საბოლოოდ აზრს დაკარგავს.

- ჩვენ საუბარი მერკელის პოლიტიკიდან მალე წასვლის თემით დავიწყეთ. ამავე თემით მინდა ჩვენი საუბარი დავამთავროთ. მერკელი ისე წავა პოლიტიკიდან, რომ მასზე ვერავინ იტყვის, რომ კორუმპირებულია. იგი 16 წელია ისევე ცხოვრობს ჩვეულებრივ ბინაში, როგორც 16 წლის წინ.

მეტიც, მან გერმანიას 16 წელი ისე უხელმძღვანელა, სახლში არც მოსამსახურე პერსონალი, ანაც დამხმარე ქალბატონი არ ჰყოლია და ამ ხნის განმავლობაში არც არანაირი ქონება დაუგროვებია. სახლს მეუღლესთან ერთად თავად ალაგებდა, მეუღლის დახმარებით სარეცხსაც რეცხავდა და კერძებს ამზადებდა.

გერმანიის ყოფილი კანცლერების ისტორიები გვახსოვს, მხედველობაში მყავს შრედერი, რომელიც ახლა რუსულ გაზპრომშია“ დასაქმებული და როგორც გერმანიის ყოფილი კანცლერი აქტიურადაა ჩართული რუსეთის ევროპულ პოლიტიკაში.

მერკელი რომ პატიოსნად ემსახურა ქვეყანას, ეს უფრო გამონაკლისია თუ გერმანიაში არსებული ტრადიაცია?

- გერმანიაში რა თქმა უნდა უთანასწორობის დონე ნაკლებია. თუ სწორად მახსოვს, ბუნდესტაგის დეპუტატს დაახლოებით ათი ათასი ევრო აქვს ხელფასი, რაც საშუალო ხელფასზე მხოლოდ ორნახევარჯერ მეტია.

კანცლერის ხელფასიც სადღაც ოცი ათასი ევროა. მეორე მხრივ, ისიც ხშირია რომ ყოფილი პოლიტიკოსები ბიზნესში მიდიან, ეს ფორალურად კანონის დარღვევა არ არის, თუმცა მორალურად ბევრს გაუმართლებლად მიაჩნია, განსაკუთრებით როცა ავტორიტარული რეჟიმების სამსახურში დგები.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში მერკელი პუტინის ევროპული პოლიტიკის გამტარებელთა რიგებში ვიხილოთ?

- ნაკლებად რეალურია. მერკელი, შრიოდერისგან განსხვავებით პერსონალურად არასდროს ყოფილა პუტინის რეჟიმის მეგობარი და დამცველი, არც პუტინთან ჰქონია ახლო მეგობრობა. ამიტომ არამგონია პოზიცია ასე კარდინალურად შეიცვალოს, როცა კანცლერი აღარ იქნება.

- ამას წინათ სამი 25-27 წლის ასაკის ქართველი გოგონას საუბრის შემსწრე უნებლიეთ გავხდი. საუბრიდან აშკარა იყო, რომ სამივე უკვე დედა იყო, მაგრამ სამივეს შვილებს ძიძები ზრდიდნენ.

ყველა მათგანი ცდილობდა ერთმანეთისთვის იმის დამტკიცებას, რომ მათი ძიძა უკეთესია, ვინაიდან ის აკეთებდა ყველაფერს, რაც ბავშვის მოვლას ეხება. ისეთ დეტალებზე საუბრობდნენ, ლამის მე შემრცხვა.

როცა ვიცით, რომ 80 მილიონიან გერმანიას 16 წელი მართავდა მერკელი, რომელსაც სახლში დამხმარეც კი არ ჰყოლია, რა შეიძლება ეწოდოს იმას, რაც ახლა ჩვენს ახლგაზრდა ქართველ დედებს სჭირთ?

- დღეს ქალები აქტიურად არიან ჩართული შრომით ბაზარზე და ძიძის ყოლა ხშირად აუცილებლობაა და არა ფუფუნება. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ძიძის ყოლა ვინმესთვის რაიმე სტატუსთან ან პრესტიჟთან ასოცირდება, ეს რა თქმა უნდა მენტალური გადახრაა.

- როცა ამ თემაზე მეგობართან სოციალურ ქსელში მქონდა საუბარი. მისი აზრი ასეთი იყო - თუ ასე არ მოიქცნენ ახალგაზრდა ქართველი დედები, ისინი ქართულ პოლიტელიტაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებენ.

შესაძლოა, სწორედ ამის ბრალიც იყოს ის, რომ ქვეყანა ლამის 30 წელია დამოუკიდებელია, მაგრამ ამდენივე წელია არ გვყავს პასუხიმგებლობის მქონე პოლიტიკური ელიტა? თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- მე მაინც მგონია საქართველოს მთავარი პრობლემა დღეს მისი დესტრუქციული პოლიტიკური კლასია, და არა მოსახლეობა.

მართალია ზოგიერთი ნეგატიური ნორმა საზოგადოებრივ დონეზეცაა ფესვგადმგული, მაგალითად ნეპოტიზმი, ანუ ხალხურ ენზე - ნაცნობ-ახლობლობა. მაგრამ, ქვეყნის მთავარი გამოწვევაა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტა, რომელიც მუდმივად პარტიულ და პირად ინტერესს აყენებს ქვეყნის ინტერესზე მაღლა.

„ინტრეპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა