მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ განვლილი რეფორმების გზა უვიზო მიმოსვლამდე ცხადყოფს, რომ ქვეყანა კვლავ შეძლებს დასახული მიზნების განხორციელებას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ განვლილი რეფორმების გზა უვიზო მიმოსვლამდე ცხადყოფს, რომ ქვეყანა კვლავ შეძლებს დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. ამის შესახებ ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებულად მუშაობს და მუდმივად დგამს ნაბიჯებს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვა უზრუნველყოს.

„28 მარტს, 4 წელი შესრულდა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან. ეს ნამდვილად გახლავთ ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგი. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, მათთან ერთად მეც ვყოფილიყავი ამ პროცესის მონაწილე სავიზო დიალოგის დაწყების პირველივე დღიდან ბოლომდე და ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში და იმ შედეგის დადგომაში, რითაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ამ მონაპოვარს წინ უძღოდა 2013 წელს ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმები.

„ეს გზა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებისთვის ჩვენი ხელისუფლების ყოველდღიურ ბრძოლაზე. თავისუფალი მიმოსვლა - ეს ის შესაძლებლობაა, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას. ეს ყველაფერი კი ქმნის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების ძალიან მყარ საფუძველს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი ინფორმაციით, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში.

მისივე თქმით, გლობალურმა პანდემიამ წელიწადზე მეტია, მნიშვნელოვანად შეაფერხა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების თავისუფალი გადაადგილება თუმცა, ამ ვითარების შეცვლის შესაძლებლობა დღეს უკვე შორეული პერსპექტივა ნამდვილად აღარ არის.

„ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და ახლა უკვე ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების დროულად დასრულებაში. საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებულად მუშაობს და მუდმივად დგამს ნაბიჯებს, რათა უზრუნველვყოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვა და ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განაგრძონ თავისუფალი მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში. საქართველოს მიერ განვლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა, ცხადყოფს, რომ ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას, რაც უკვე გაცხადებულია და ამ მიზნის მისაღწევად 2024 წელს ოფიციალურ განაცხადსაც გავაკეთებთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა