ზურაბ ჯაფარიძე - ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი - დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს

ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს, მათ შორის დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესშიც, უჭირავთ მცდარი პოზიცია, როდესაც პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. არ მესმის, რომელ კომპრომისზეა საუბარი, როდესაც საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, როდესაც შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე.

„არ დაუჯეროთ არაფერს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც იგივე სცენარით წარიმართა, როდესაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, ორ საკითხზე - ხელახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე. ამის გარდა, იყო სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. მომლაპარაკებლებმა ისევ ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ აწერდნენ ხელს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე.

არ მესმის, რომელ კომპრომისზეა საუბარი, როდესაც საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზე, ან არის სასამართლო დამოუკიდებელი ან არის ბიძინასი, მანდ კომპრომისი სად გადის? ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი - დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის შეფასებით, სამი საკითხიდან, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არცერთი არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ სჯერა, რომ „იქ დაწერილი ტექსტებით რაიმე შეიძლება შეიცვალოს მართლმსაჯულების სისტემაში“.

„ჩემი აზრით, სამ საკითხზე, რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, არცერთი არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არ მჯერა, რომ იქ დაწერილი ტექსტებით რაიმე შეიძლება შეიცვალოს მართლმსაჯულების სისტემაში. ძალაუფლების დანაწილების ნაწილიც ჩემთვის საინტერესო არ არის. კომპრომისის გამო, თვალს ვხუჭავდი და ვამბობდი, რომ ვაწერ ხელს. ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მოყოლებული პირველი რაუნდებიდან ვითხოვდი სრულად პროპორციულ არჩევნებს ბარიერის გარეშე და ვერ მივაღწიე, რომ ასეთი ტექსტი ჩაწერილიყო. მაგრამ, მზად ვიყავი, რომ ამაზე თვალი დამეხუჭა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რატომ არ იყო ნახსენები გიორგი რურუა შეთანხმების დოკუმენტში, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები „ქართულ ოცნებას უთმობენ“.

„იმიტომ არ წერია, რომ უთმობენ „ოცნებას“, ვიდრე ასეთი მოზომილი პოზიციით არიან, ივანიშვილი არ დათმობს არაფერს, იმას ესმის მარტო ძალის ენა და ამას ვეუბნები ჩვენს მეგობრებს პირშიც, როდესაც ვსაუბრობთ. მათ ღიად უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა