ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 14 აპრილამდე დაჯავშნილია 14 224 აცრა.

„დღევანდელი რიცხვით აცრილია 6757 ადამიანი. გუშინ გვქონდა 1051 აცრა, აქედან გუშინდელი მონაცემით "ფაიზერით" აიცრა 678 პირი ექვს კლინიკაში და კარგი იყო ის, რომ არც ერთი დოზის დანაკარგი არ ყოფილა. თითოეულ კლინიკაში ამ ექვსი კლინიკიდან საშუალოდ 2-2 ადამიანი ვერ მივიდა ვინც იყო ჩაწერილი და კლინიკამ სწრაფად მოახერხა მობილიზება ადგილობრივი მედპერსონალის, რომ დანაკარგი არ ყოფილიყო.

გუშინ „ასტრაზენეკით" აიცრა 373 პირი. სამწუხაროდ, რეგიონებში ჩვენ დანაკარგი გვაქვს. ზოგადად, 14 აპრილამდე დაჯავშნილია 14 224 აცრა, აქედან მედპერსონალი არის 3 609 და 10 615 გახლავთ 65 წელს ზემოთ მოსახლეობა. აქედან, 10 046 დაჯავშნილია „ფაიზერზე" და 4 138 "ასტრაზენეკაზე".

როგორც მოგახსენეთ "ფაიზერზე" აცრები მიმდინარეობს თბილისის 4 ჰოსპიტალში და ბათუმის და ქუთაისის თითო ჰოსპიტალში. მთლიანად ქვეყანაში ამ ეტაპზე ჩართულია 24 ჰოსპიტალური დაწესებულება აცრებში. ყველაზე მეტი აქტივობა გვაქვს თბილისში. გუშინ 1051 აცრილიდან 777 აიცრა თბილისში, 90 აჭარაში, 98 იმერეთში, დანარჩენ რეგიონებში აქტივობა ნაკლებია. ვცდილობთ, რომ დანაკარგი დავიყვანოთ მინიმუმამდე. პოლიცია და ჯარი იქნება ე.წ. სარეზერვო ჯგუფები, რადგან ისინი კარგად ორგანიზებული ჯგუფები არიან, რომ დანაკარგი დავიყვანოთ მინიმუმამდე. მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისება ამ ძნელად მოპოვებული ვაქცინების დოზების", - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული