საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 48 პირს გადაეცა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 48 პირს გადასცა და გამოცდის წარმატებით ჩაბარება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილემ პროფესიონალი კადრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის პოზიციაზე მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება პროკურატურაში სამუშაოდ მიღების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა 2021 წლის 15 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად განაცხადი 900-ზე მეტმა მსურველმა შეიტანა, აპლიკაციების გადარჩევა წინასწარ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოხდა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ელექტრონულად, ტესტირების მეთოდით ჩატარდა. საგამოცდო ტესტი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 დავალებას მოიცავდა. საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის მიერ განხილული საპრეტენზიო განცხადებების საფუძველზე, კომისიამ დაამტკიცა შედეგები, რომლის მიხედვითაც, ტესტურ გამოცდაში 75 ან მეტი ქულა 48 პირმა დააგროვა.

„საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით 2010 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა, პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად. მანამდე არსებული კანონმდებლობის მიხედვით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შემდგომში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა.

საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის/პროკურატურის სტაჟიორისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა