პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ პოსტი გამოაქვეყნა.
ნავალნი შიმშილობის დაწყების მიზეზად ასახელებს იმას, რომ მასთან საკუთარ ექიმს არ უშვებენ.
„რატომ აცხადებენ პატიმრები შიმშილობას? ეს საკითხი აწუხებთ მხოლოდ მათ, ვინც არ ყოფილა პატიმარი. ეს ყველაფერი გარედან რთულად გამოიყურება, ხოლო შიგნით - ყველაფერი მარტივია: ბრძოლის სხვა მეთოდები არ გაქვს და შიმშილობ. მე მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამალი. არც ერთი და არც მეორე უბრალოდ არ მომცეს. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა და ახლა მარცხენა ფეხის არეში დავკარგე მგრძნობელობა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, მაწამებენ ძილის უკმარისობით - ღამეში 8-ჯერ მაღვიძებენ. რა გამეკეთებინა? გამოვაცხადე შიმშილობა კანონის აღსრულების და ჩემთან მოწვეული ექიმის შემოშვების მოთხოვნით. ასე რომ, ვწევარ მშიერი, თუმცა ჯერჯერობით ორივე ფეხი მაქვს“, - წერს ნავალნი.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალურმა განყოფილებამ გაავრცელა განცხადება, რომ ალექსეი ნავალნიმ ვლადიმირის რეგიონში არსებულ სასჯელაღსრულების კოლონიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.