ირაკლი ღარიბაშვილი - ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ დაურღვევია, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ს პასპორტით

ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში - ჩვენი საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ", - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

მისივე თქმით, ყოვლად დაუშვებელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა.

„მსურს გამოვეხმაურო გუშინ ღამე განვითარებულ მოვლენებს, მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე არ დაურღვევია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით. ეს მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი იყო, მთავრობის დადგენილების შესაბამისად მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტი, უარყოფილი პასუხი „პიასიარ ტესტზე“. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენთვის ყველასთვის, რა თქმა უნდა, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება, კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება ასევე ყოველი ინდივიდი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც ჩვევიათ მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის გარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალურ მოძრაობას" და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია და საბოტაჟი ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მითუმეტეს, ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული სექტორისთვის, ეკონომიკის აღირძინებისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ფორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა