მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნება

„კუბი კონტექსტში“ - ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „კუბი კონტექსტში“ მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცეა, რომელიც მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში, თანამედროვე ხელოვნების გალერეას და საერთო სამუშაო სივრცეს ქმნის.

როგორც ინფორმაცია აღნიშნული, იდეა თანამედროვე მხატვრებს, ვასილ მაჭარაძეს და კოკა ვაშაკიძეს ეკუთვნით. ათწლეულის წინ დაწყებული პროექტი, იდეის ავტორებთან ერთად, კინომცოდნე ანუკა ლომიძის, ფოტოგრაფ ანა გოგუაძის და არქიტექტორ თორნიკე აბულაძის თანამშრომლობით განვითარდა.

„2018 წლიდან კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის იდეის პირველი მხარდამჭერი თბილისის მერია გახდა, რომლის დახმარებითაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

„თიბისი“ პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც მეგობრის სტატუსით მხარი დაუჭირა სახელოვნებო სივრცეს, რომლის მიზანიც კულტურული დიალოგის წარმოება, თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა, ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაა.

პროექტის ძირითადი მიზნებია: მზიურის ტერიტორიაზე არსებული საბაგირო სადგურისთვის ფორმის შენარჩუნება და მისი ახალი ფუნქციური დატვირთვა; თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და განსხვავებულ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა; თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა. პარკის ახლებურად დანახვა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობაზე აქცენტის გაკეთება და მწვანე სივრცეების, როგორც სამუშაო თუ კულტურულ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელების ადგილად ქცევა.

რეკონსტრუქციის შემდეგ, „კუბი კონტექსტში“ იფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მეორე სართულზე მოეწყობა საერთო სამუშაო სივრცე, კუბის გარშემო ტერიტორია კი, შემეცნებით-კულტურულ აქტივობებს დაეთმობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა