8 ნოემბერს ცესკოს-თან განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი „არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევად“ აფასებს

2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩენო კომისიის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს სახალხო დამცველი „არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევად“ აფასებს.

როგორც სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, კვლავ გამოვლინდა შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევა. კერძოდ, 2020 წლის 8 ნოემბერს, როდესაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული შეკრების შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავებმა ორჯერ (21:42 საათზე და 01:02 საათზე) წყლის ჭავლი გამოიყენეს.

„8 ნოემბერს გამართული შეკრების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული მონაწილეებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცავების რაოდენობა, მათი აღჭურვილობა (ხელბორკილები, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები (ე.წ. „რობოკოპი“)), აგრეთვე, გამოვლენილი კანონდარღვევების მასშტაბი, იძლეოდა შესაძლებლობას, ძალადობრივი ქმედებების მოსაგერიებლად და აღსაკვეთად, სამართალდამცავებს შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიებებისთვის მიემართათ, რაც, წყლის ჭავლის გამოყენებისგან განსხვავებით, პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. საგულისხმოა ისიც, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჭავლის გამოყენებას 21:42 საათისთვის, წინ არ უძღოდა შეკრების მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება, რაც ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, აგრეთვე ძალის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტს. სახალხო დამცველი ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას, რომ განვითარებული მოვლენების და ძალადობის ინტენსივობის, აგრეთვე ადგილზე მყოფი პირების ჯანმრთელობის ხელყოფისა და ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში შეჭრის საფრთხის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენებამდე უშუალოდ ადგილზე გაფრთხილება შეუძლებელი და აზრს მოკლებული იყო“, - ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის შეფასებით, უწყებას მოსალოდნელი ძალის გამოყენების თაობაზე გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა, სიტუაციის ესკალაციისთანავე, და შემდგომ პერიოდშიც ჰქონდა, ვიდრე შეკრების მონაწილეთა მიმართ სპეციალურ საშუალებას გამოიყენებდა.

„ეს წყლის ჭავლის გამოყენების მეორე ეპიზოდში დადასტურდა, რასაც ვითარების დაძაბვის პარალელურად, სამართალდამცავებსა და შეკრების მონაწილეთა ნაწილს შორის უშუალო ფიზიკური კონტაქტის მიუხედავად, წინ უსწრებდა რამდენიმე გაფრთხილება ხმის გამაძლიერებელი აპარატის მეშვეობით. ცესკოს შენობასთან გამართული შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელი და მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა, რაც ეწინააღმდეგება ჟურნალისტების დაცულობის სტანდარტს.

გასათვალისწინებელია, რომ მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტები გამოვლინდა აგრეთვე 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ დაწყებული შეკრების ძალის გამოყენებით შეწყვეტის შედეგად. მიუხედავად მსგავსი შემთხვევების სიმრავლისა, სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ სამი ჟურნალისტი. თუმცა, შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განვითარებული მოვლენებზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისშესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული შეკრების მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემები არსებითად 2019 წლის 20 ივნისის შეკრების ძალის გამოყენებით შეწყვეტის დროს გამოკვეთილი ხარვეზებისმსგავსია.

„ეს მოწმობს, რომ შეკრების მართვასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევები წლიდან წლამდე არ იცვლება, რაც კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დროული და სათანადო განახლების საჭიროებაზე მიუთითებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 9 ნოემბერს და 2 დეკემბერს, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც შეკრების მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გაუმართლებლად არ მისცეს ადგილზე შეშის და ე.წ. „პალეტების“ (პადონები) ფლობის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეყრდნო არგუმენტს, რომ, შესაძლოა, ხსენებული ხის საგნები პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით გამოეყენებინათ. ომბუდსმენის შეფასებით, 9 ნოემბერს და 2 დეკემბერს, შეკრების მონაწილეებს ნივთის ფლობა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს, უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება (უფლებით დაცული სფერო და შეკრების მართვის სტანდარტი) ასახული რეკომენდაციების შესაბამისად. ომბუდსმენი გამოვლენილი დარღვევების გამო ცალკეული უწყებებისთვის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, გენერალური პროკურატურისთვის და ინსპექტორის აპარატისთვის რეკომენდაციებსაც გასცემს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა