ევროპარლამენტარები - შედეგში დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას

შედეგში დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებული პასუხისმგებობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ აქვეყნებენ.

ევროპარლამენტარების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ღრმად არიან იმედგაცრუებული საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, რათა დაეხმაროს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რადგან საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. სასიცოცხლოდ აუცილებელია პოლიტიკური პარტიის აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორია: საარჩევნო და სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გამოსავალი სამომავლო არჩევნებზე და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევაზე. ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას.

პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან.

ამავდროულად, მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების საქართველოს პარლამენტში მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ODIHR– ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ეს რეფორმები მთავარია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნებისა და სასამართლო სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენება, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა