ჰედერ კონლი - საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა

საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი და არა ქვეყანა, - ამის შესახებ „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის პროგრამების დირექტორმა ჰედერ კონლიმ განაცხადა.

როგორც ის "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს, პროტესტი დემოკრატიული უფლებაა, თუმცა შედეგის მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში]- რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ. ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, შანსი. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ პრიორიტეტი [დაპირისპირებული მხარეებისთვის] პოლიტიკური უთანხმოებაა და არა ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ მხარეები დაუბრუნდებიან ევროპის მედიაციის ფორმატს, რომელსაც ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის საუკეთესო გზა შეთანხმების მისაღწევად. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა ორივეს მოუწევს, რომ კომპრომისზე წავიდეს. პროტესტი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული უფლებაა. თუმცა, არ ვიცი რამდენად მიგვიყვანს ეს იმ შედეგამდე, რომელიც გვსურს", - განაცხადა კონლიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის - ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის.

"ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა. ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას. დროს არ უნდა ვკარგავდეთ, ეს მინდა რომ გითხრათ. ყველა გაცდენილი დღე, ყველა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა არის დღე, როდესაც საქართველოს არ შეუძლია რეფორმების გატარება და გაძლიერება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს ამ გაურკვეველ სამეზობლოში,"- განაცხადა მან.

კითხვაზე, სად ხედავს ის ამერიკის როლს და როგორ შეუძლია ამერიკას, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს დაეხმაროს ამ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაში, კონლის თქმით, "ეს, ალბათ, იქნება ე.წ მკაცრი სიყვარულის მესიჯების გაგზავნა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისთვის".

"ჩვენ [ამერიკის შეერთებული შტატები] ძალიან ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმირებასა და გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებით, სადაც ქვეყანა ყველაზე მეტად უწევს წინააღმდეგობას ცვლილებებს. ყველა დემოკრატია მუშაობის პროცესშია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აჩვენა, რომ ჩვენი სამუშაოც არაა დასრულებული, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საშინაო დავალებაზე მუშაობას. სიტუაცია ასე [საქართველოში] ვეღარ გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები და ხალხი გაიგებს ამას, გამოიყენებს ამ მომენტს და გადალახავს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ყველაზე ცუდი, ალბათ იქნება ეს განგრძობითი ჩიხი მთავრობისთვის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ვნახავთ გარე მოთამაშეებსაც, ვინც ისარგებლებს ამ ღრმა პოლარიზაციით. შესაძლოა, შესუსტდეს საქართველოს მოსახლეობის აზრი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. შესაძლოა, ვიხილოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შეწყვეტაც. საუკეთესო შედეგს რაც შეეხება, ის იქნება, რომ მიუხედავად იმ ძალიან ღრმა უთანხმოებისა და დაპირისპირებისა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რომ შეძლონ და პიროვნული საკითხები გვერდით გადადონ, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და დაიწყონ საუბარი იმ რეფორმებზე, რომელზეც შეთანხმდებიან და უკვე გრძელვადიან თემებზე მუშაობასაც შეძლებენ.

ეს ადვილი არაა, არც დაუყოვნებლივ გადალახვადია, მაგრამ თუ იქნება ძლიერი მესიჯები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხიდან, რომ მათთვის ქვეყანა პირველ ადგილას დგას და ამ აზრს გაყვებიან სამომავლოდ, საქართველოს დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი დასაწყისი და საუკეთესო შედეგი, ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს ხელი არ მოეწერათ ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით", - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა