უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა - დონბასის საბრძოლო ზონაში ორი ჯარისკაცი დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად დონბასის საბრძოლო ზონაში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 13 დარღვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ცეცხლი სოფლებთან - შუმისთან, ნოვოტოშკივკასთან, პისკისთან, სტაროგნატიკასთან, ვოდიანესთან, ქალაქ ავდეევკასთან ახლოს და სხვა ადგილებში გახსნეს, რის შედეგადაც გაერთიანებული ძალების ორი წევრი დაიჭრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში აცხადებენ, რომ პარასკევს შუაღამის შემდეგ მტრის ძალებს უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ თავდასხმა არ განუხორციელებიათ და ისინი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. საკითხზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სამხედრო სწავლებების ფორმატში კუნთებით თამაში და საზღვრის გასწვრივ შესაძლო პროვოკაციები რუსეთის ჩვეული ქცევაა. ამგვარად რუსეთი ცდილობს საფრთხის გარემო შექმნას და ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს ზეწოლისთვის გამოიყენოს”.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა და მას "ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური" ესკალაცია უწოდა.

„რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის ქმედებებმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა ”, - აღნიშნა კულებამ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს