სერგი კაპანაძე - თუკი ვინმე  გავლენიანია, განცხადებას ხელს აწერს, ეს ადამიანები ქმნიან ამინდს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე - საჭიროა მეორე მხრიდან სერიოზული მზადყოფნა და არა „დაბოლება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარების განცხადებებზე არაადეკვატური შეფასებები გააკეთა.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარების შეფასებები სერიოზულად უნდა აღვიქვას.

„ეს მესიჯები სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ჩვენ ამ თემაზე კომენტარები მოვისმინეთ, რომ მარტო 6 თუ 7 ევროპარლამენტარიაო და ასეთი დამოკიდებულება სასაცილო ხდება. ვინ არიან ეს ევროპარლამენტარები ხომ უნდა ვნახოთ? - საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელები, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი. თუკი ვინმე საქართველოზე მუშაობს და გავლენიანია, ამ განცხადებას ხელს აწერს. თუ თავს მოვიტყუებთ იმით, რომ იქ კიდევ 500 ევროპარლამენტარია, ეს არის სასტიკი შეცდომა იმიტომ, რომ სწორედ ეს ადამიანები ქმნიან ამინდს საქართველოსთან მიმართებით. დამოკიდებულება რა უნდა იყოს? ჩემი აზრით, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ამ კრიზისიდან გამოსვლის მოძებნა.

ხელისუფლებაში ვერ ვხედავ, რომ რაიმეს შეცვლის ხასიათზე არიან. ყველა შეფასება, რაც კეთდება, არაადეკვატურია. იყო კომენტარი, ოპოზიციას გაუხარდება, რომ ფინანსური სანქციები მივიღოთ. საერთოდ არ გაგვიხარდება, როგორ შეიძლება გაგვიხარდეს ის, რომ ქვეყანამ შესაძლოა, ევროკავშირისგან არ მიიღოს 60 მლნ დოლარი, ყველა პარამეტრში უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ფასები იზრდება, ლარი უფასურდება, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, ფული შეიძლება აღარ მოგცეთ. 60 მლნ ვიღაცას ცოტა ფული ხომ არ ჰგონია?! საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმაგი ბიუჯეტია, პატარა თანხაზე არაა საუბარი. ღმერთმა ნუ ქნას ეს შეწყვიტონ“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან „უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“ არ აქვს და ორიენტირებულია პროექტების განხორციელებაზე.

სერგი კაპანაძის თქმით, პრემიერის განცხადება „სასაცილო იყო“. მისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ერთდროულად მოლაპარაკებების წარმოება და საქმის კეთება.

„ძალიან სასაცილო განცხადება იყო, ისე გამოუვიდა ღარიბაშვილს, რომ საქმის კეთება და მოლაპარაკებების წარმოება ერთდროულად არ შეიძლება. ცნობილი გამოთქმა არის, სიარული და „კევის“ ღეჭვა ერთდროულად ყველას უნდა შეეძლოსო, რატომ არ შეიძლება ერთდროულად მოლაპარაკებები ეწარმოებინა და საქმე ეკეთებინა?! ასე დახატა, რომ ვანებებ მოლაპარაკებებს თავს და საქმეს მივხედავო, ვინ უშლიდა იქამდე ხელს?!“,-აცხადებს კაპანაძე.

რაც შეეხება მედიატორების ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, სერგი კაპანაძის თქმით, საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ მესამე რაუნდისთვის სერიოზული მზადყოფნა გამოთქვას და არა „დაბოლება“ და თვალში ნაცრის შეყრა“.

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს გავლილი, რა შეიძლება იყოს დათმობილი, როგორი ტიპის შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული. ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ეს შეთანხმება რომ შედგეს, საჭიროა მეორე მხრიდან იყოს სერიოზული მზადყოფნა და არა მოტყუება, „დაბოლება“ და თვალში ნაცრის შეყრა, არა იმის მცდელობა, რომ ევროკავშირს რაღაც დავათმობინოთ, რაღაც გაგვივიდეს და გაგვიძვრეს. თუ, მათი მხრიდან იქნება გულწრფელი დამოკიდებულება, რომ შეთანხმება უნდათ, შეთანხმება მაშინ იქნება შესაძლებელი“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა