უკრაინის და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების ზრდის ფონზე, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე.

„მან ხაზი გაუსვა მისი ადმინისტრაციის ერთგულებას ახალი ძალა შესძინოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად კორუფციის დაძლევისა და რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც უზრუნველყოფს უკრაინის ხალხისთვის სამართლიანობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების ცენტრალურ ხაზს წარმოადგენს. მათ ასევე განიხილეს შეერთებული შტატებისა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა COVID-19-ის პანდემიის აღსაკვეთად და რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისთვის“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერების საუბარი 30-40 წუთს გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა და მას „ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური" ესკალაცია უწოდა. ცოტა ხნის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა