ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინელებისთვის ამერიკულ პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი თქმით, ისინი გვერდიგვერდ დგანან, როცა საქმე დემოკრატიის დაცვას ეხება.

„მოხარული ვარ, რომ საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. უკრაინა აფასებს სხვადასხვა დონეზე აშშ-ის მხარდაჭერას. ჩვენ გვერდიგვერდ ვდგავართ, როცა საქმე ჩვენი დემოკრატიების დაცვას ეხება. ჩემი ერთგულება უკრაინის გარდაქმნის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და მშვიდობის მიღწევის მიმართ ძლიერია. უკრაინელებისთვის ამერიკულ პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს ზელენსკი "ტვიტერში".

მანამდე, ორი ქვეყნის ლიდერს შორის საუბრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა და მას "ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური" ესკალაცია უწოდა. ცოტა ხნის წინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს