ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" სამაგისტრო პროგრამის: „ევროპასთან ინტეგრაცია და ინდუსტრიული ურთიერთობების“ დამფუძნებელს, პოლიტიკური ეკონომიისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორს, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს, ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ბექა, როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ევროპული საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს და მეორე მხრივ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ევროპული საბჭო ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა. ის განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადს მიმართულებებს. ამიტომ, როდესაც მისი პრეზიდენტი დიდ ძალისხმევას დებს მმართველ პარტიასა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის პროცესში, ეს ორივე მხარეს, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას მეტად უნდა გაეთვალისწინებინა.

ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და შემდგომ მისი წარმომადგენლის ორგზის ვიზიტი მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდია ევროკავშირის ინტერესი საქართველოში პოლიტიკური თანხმობის მიღწევის და რაოდენ დიდი ზოგადად ინტერესი საქართველოს მიმართ. ამიტომ როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ პოლიტიკური კლასის უმწიფრობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა და ევროკავშირის ძალისხმევის დაფასება კიდევ უფრო გააძლერებდა საქართველოს კავშირებს ევროკავშირთან და ხელს შეუწყობდა ევროკავშირთან დაახლოების უფრო მაღალ და ინტენსიურ ეტაპზე გადაყვანას.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა და ევროკავშირის ძალისხმევის დაფასება კიდევ უფრო გააძლერებდა საქართველოს კავშირებს ევროკავშირთან და ხელს შეუწყობდა ევროკავშირთან დაახლოების უფრო მაღალ და ინტენსიურ ეტაპზე გადაყვანას

ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც როგორც პოლიტიკური, ისე განსაკუთრებით პანდემიის შედეგად გამოწვეული დაძაბული ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოს დიდ მოთამაშეებს შორის პიკს აღწევს.

ამიტომ, ამ ვითარებაში ევროკავშირთან დაახლოება ჩვენს არა მხოლოდ ცივილიზაციულ არჩევანს, არამედ გარდაუვალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს.

ევროკავშირი თავისი ინსტიტუციური მოწყობიდან და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებიდან გამომდინარე ყველაზე უკეთესად შეესაბამება დღეს საქართველოს განვითარების ინტერესებს.

ევროკავშირის პოლიტიკა არის ნაკლებად ხისტი, ნაკლებად ინტერვენციონისტული იგივე აშშ-სგან განსხვავებით და მის პარტნიორებს ბევრად უფრო მეტ სივრცეს და თავისუფლებას აძლევს შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, მისი ძალისხმევის უგულველყოფა ერთგვარი სილის გაწნა იყო მისთვის.

ცალსახად წინააღმდეგი ვარ იმ კოლონიალური დამოკიდებულების, რომელიც ქართულ პოლიტიკურ კლასს ახასიათებს, როცა ისინი საკუთარი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციას, არა საკუთარი ხალხისგან, არამედ სხვა ქვყნებიდან, გინდაც ევროკავშირისაგან ელიან.

მაგრამ, ამ შემთხვეაში ევროკავშირის ინეტერესი იყო გულწრფელი და საქართველოს ინტერსებთან თანხვედრაში: მის უშუალო სამეზობლოში, ასოცირების ხელშეკრულებით დაკავშირებულ ქვეყანაში, როგორც მსოფლიოს დიდ, პასუხისმგებლიან მოთამაშეს ეთამაშა დადებითი როლი, დაენახებინა სხვა მოთამაშეებისთვის, რომ ეს მას ძალუძს, ხელი შეეწყო დაძაბულობებით აღსავსე რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს სტაბილულრობისთვის.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ვითარებას, გაუთავებელი, უშინაარსო პოლარიზაცია კიდევ უფრო აშორებს პოლიტიკურ კლასს საზოგადოებასთან, რადგან ხალხი ხედავს, რომ პარტიები არა მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებზე ზრუნვით, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლით არიან დაკავებული.

გაუთავებელი, უშინაარსო პოლარიზაცია კიდევ უფრო აშორებს პოლიტიკურ კლასს საზოგადოებასთან, რადგან ხალხი ხედავს, რომ პარტიები არა მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებზე ზრუნვით, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლით არიან დაკავებული

ჩნდება განცდა, რომ არცერთ მხარეს არ აქვს პასუხი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ხალხს რეალურად აწუხებს და პოლიტიკური კლასიც აგრძელებს ამ დაძაბულობის და პოლარიზაციის ინსცენირებას, რათა თავი აარიდონ ამ პრობლემების გადაჭრის პასუხისმგებლობას. ცხადია, აქ მთავრობასაც და ოპოზიციასაც ვგულისმობ.

ჩნდება განცდა, რომ არცერთ მხარეს არ აქვს პასუხი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ხალხს რეალურად აწუხებს და პოლიტიკური კლასიც აგრძელებს ამ დაძაბულობის და პოლარიზაციის ინსცენირებას, რათა თავი აარიდონ ამ პრობლემების გადაჭრის პასუხისმგებლობას. ცხადია, აქ მთავრობასაც და ოპოზიციასაც ვგულისმობ

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ ისევ ევროპული საბჭოს მედიაციით მესამე რაუნდის გამართვას.

რა შანსები არსებობს რომ მესამე რაუნდი საერთოდ გაიმართოს? და რა შანსები არსებობს იმისათვის, რომ მესამე რაუნდზე მაინც მოახერხონ მხარეებმა შეთანხმების მიღწევა?

- ეს არის ერთგვარი რისკი ქვეყნისთვის, რადგან მესამედ ჩავარდნილი მოლაპარაკების რაუნდი ძალიან დააშორებს ქვეყანას ევროკავშირთან, რაც გაზრდის სხვა ქვეყნების უფრო მკაფიოდ და ხისტად ჩარევის შესაძლებლობას ქართულ პოლიტიკაში.

თან ახლა როგორც “ქართული ოცნება“ ისე ოპოზიცია უნდა ეცადოს, ემუდაროს და დაითანხმოს ევროკავშირი შემდეგ რაუნდზე.

ზოგადად, მმართველმა პარტიამ შანსი გაუშვა ხელიდან თავი წარმოეჩინა, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აცნობიერებს სტაბილურობის აუცილებლობას ქვეყანაში. რადგან შემოთავაზებულ დოკუმენტი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გულისმობდა, მისი მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერა ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა და მას ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში ჩააყენებდა ოპოზიციასთან მიმართებაში.

თან, თუ ევროული საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მესამე რაუნდი შედგა, დოკუმენტი უფრო ვითარების განმუხტვის ევროკავშირისეულ წარმოდგენებს დაეფუძნება, ვიდრე პარტიებს შორის შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო დააკნინებს ქართულ პოლიტიკურ კლასს.

თუ ევროპული საბჭოს მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მესამე რაუნდი შედგა, დოკუმენტი უფრო ვითარების განმუხტვის ევროკავშირისეულ წარმოდგენებს დაეფუძნება, ვიდრე პარტიებს შორის შეთანხმებას, რაც კიდევ უფრო დააკნინებს ქართულ პოლიტიკურ კლასს

- ევროკავშირმა ხელისუფლებისაგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დახვეწა არა მარტო მოითხოვა, არამედ ეს მოთხოვნა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობად აქცია.

მანამდე ევროპარლამენტმა საკმაოდ მკაცრი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის საკვანძო პოზიციაზე მყოფი დეპუტატები, მათ შორის ერთი ის, ვინსაც საქართველოზე მოხსენების გაკეთება ევალება.

ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ამ განცხადების შინაარსის სისრულეში მოყვანა პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

მეტიც, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს - "ასე ვერ გაგრძელდება, საქართველო პოლიტიკურ კრიზისს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის "ლიდერშიპის" რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის“.

რამდენად შეიძლება საქმე რეალურად მივიდეს სანქციების დაწესებამდე? და რა შეიძლება იყოს ის „გარკვეული ფასი“, რის გადახდა საქართევლსო და არა პოლიტიკურ ელიტას მოუწევს, რაზეც ბატონი კუბილიუსი საუბრობს?

- სანქციებზე საუბარი გადაჭარბებულად მეჩვენება იმ მექანიზმებიდან გამომდინარე, რომლებსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებები ეფუძნება. რამდენიმე ევროპელი პარლამენტარის მოსაზრება, გავლენიანისაც კი, უამრავ ინსტანციას გადის, სანამ გადაწყვეტილებად იქცევა. ევროკომისიიდან დაწყებული, ევროპული საბჭოთი გაგრძელებული, დამთავრებული ევროპარლამენტით.

თან ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ არ მგონია ამ პოლიტიკურ ჯგუფებში, ამ საკითხზე ცალსახა პოზიცია და კონსენსუსი არსებობდეს. აგრეთვე ნაკლებადსავარაუდოა მმართველი გუნდის წინააღმდეგ რაიმე სანქციების დაწესება. ეუთოს დასკვნა არჩევნების შესახებ არ იძელვა ამის საფუძველს.

სანქციებზე საუბარი გადაჭარბებულად მეჩვენება, იმ მექანიზმებიდან გამომდინარე, რომლებსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებები ეფუძნება... ნაკლებად საგულისხმოა აგრეთვე მმართველი გუნდის წინააღმდეგ რაიმე სანქციების დაწესება. ეუთოს დასკვნა არჩევნების შესახებ არ იძლეევა ამის საფუძველს

რაც შეეხება საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს “ქართული ოცნება“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შორსმიმავალ საარჩევნო რეფორმას კონსტუტუციური უმრავლესობა სჭირდება, რაც აძლიერებს პასუხიმგებლობის წნეხს ოპოზიციაზეც.

- შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ხელისუფლება ყურადღებას ყველაზე ხშირად იმაზე ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. ის, რაზეც ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისს უწოდებს, ხელოვნური კრიზისია.

რამდენად ხელოვნურია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს?

- სიმართლე რომ გითხრათ დღეს ქვეყანაში უფრო სოციალური და ეკონომიკური კრიზისია, ვიდრე პოლიტიკური. პოლიტიკური კრიზისი იქმნება მაშინ, როცა მთავრობას არ ყავს უმრავლესობა და მიმდინარე საკითხებზე გადაწყვტილებას ვერ იღებს, ასეთი დღეს სახეზე არ გვაქვს.

რეფორმებს სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კონსოლიდირებული მმართველი გუნდი, რომელსაც უნარი აქვს შეცდომები და იდეოლოგიური ჩარჩოები გადაიაზროს, გაბედულ ნაბიჯებზე წავიდეს, სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა გაზარდოს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით

ის თუ რამდენად ღირებულია და შეესაბამება მთავრობის გადაწყვეტილებები არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, ეს სხვა საკითხია.

- გასაგებია, რომ ახლა ყველაფერი პანდემიას ბრალდება, მაგრამ ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს ეკონომიკური უპერსპექტივობა, ლარის კურსის დევალვაცია, არასტაბილურობა და გარკვეული სახის ქაოსიც კი, პრობლემები სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში.

რა უნდა ვიფიქროთ, ეს პრობლემები ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ პრობლემებად არ ითვლება?

- ნებისმიერი საჯარო გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს, ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, განათლება, სოციალური პოლიტიკა თავისი ხასიათით პოლიტიკურია. პოლიტიკა ხომ სწორედ საჯარო გადაწყვეტილებებს გულისხმობს, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაზე აისახება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადაწყვეტილებები რომელსაც მთავრობა ამ თვალსაზრისით იღებს, არ არის შედეგიანი, ამიტომ, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ეს უფრო მმართველობის კრიზისია, ვიდრე ზოგადად პოლიტიკური კრიზისი.

დღეს ქვეყანაში უფრო სოციალური და ეკონომიკური კრიზისია, ვიდრე პოლიტიკური

ის, რომ ამხელა დისბალანსი გვქავს ექსპორტ-იმპორტში, რაც პირდაპირ აისახება ლარის კურსზე, ის რომ მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა დღემდე ჩარჩა ნეოლიბერალური დოქტრინის ტყვეობაში, ეს მისი ბრალია და არა ოპოზიციური პარტიების, რომლებიც პარლამენტში არ შედიან.

- 6 აპრილს ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

ითქვა, რომ არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა საბჭო წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე 10 წლიანი გეგმის ეფექტური რეაგირების მექანიზმები.

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მე-9 წელია და მესამე ვადით არჩეული ხელისუფლებას გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების გეგმა არ აქვს და მასზე ახალ იწყებს მუშაობას?

- ასეთი გეგმა ბევრი მინიხავს, მაგალითად სტრატეგია 2020, რომელიც ფარატინა ქაღალდად იქცა შექმნისთანავე. გარდა ამისა, მე ვერ ვხედავ მთავრობაში ვერც შემოქმედებით პოტენციალს, ვერც კომპეტენციას და ვერც გამბედაობას უარი თქვას ეკონომიკის პოლიტიკის წარმოების 30 წლიან მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ქვეყნის და ხალხის გაღარიბებაზე არის ორიენტირებული.

რეფორმებს სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კონსოლიდირებული მმართველი გუნდი, რომელსაც უნარი აქვს შეცდომები და იდეოლოგიური ჩარჩოები გადაიაზროს, გაბედულ ნაბიჯებზე წავიდეს, სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა გაზარდოს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ეს უფრო მმართველობის კრიზისია, ვიდრე ზოგადად პოლიტიკური კრიზისი

რაც მთავარია, თავი დაანებოს თავისუფალი ბაზრის მექანიზმების შეუმცდარობის მითის რწმენას. ამის პოტენციალს მე ვერ ვხედავ, ვერც აქეთ, ვერ იქეთ და ვერც ოცწლიანი გეგმის შექმნის შემთხვევაშიც. ნამოხვანჰესის პროექტი ამის ნათელი დადასტურებაა.

იდეოლოგიური გადააზრება და ინეტერესთან ჯგუფების გავლენის შეზღუდვა, რომლებთაც აწყობთ ეს იდეოლოგია, არის მთავარი რასაც ნებისმიერი გემა უნდა დაეფუძნოს

- ამ ფონზე, ორივე მხარემ, ჯერ ოპოზიციამ, ხოლო შემდეგ ხელისუფლებამ დაანონსა რეგიონებში გასვლა. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არა მგონია ხალხი ისევე როგორც ოპოზიციას, ხელისუფლებასაც დიდი სიხარულით შეხვდეს.

ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ გრძნობენ რეგიონებში ხალხის განწყობებს თუ რა უნდა ვიფიქროთ - ორივე მხარეს უნდა დაპირისპირების რეგიონებში გადატანა თუ რასთან გვაქვს საქმე?

- კარგი იქნება თუ პარტიები საკუთარი ვიწროპარტიული ნაჭუჭიდან გამოვლენ და რეგიონებში ადამიანების პრობლემებს გაეცნობიან, რეალურ განწყობებს შეიგრძნობენ, რაც მათ მიმართ არსებობს.

თუ ასე მოხდა, ისინი მიხვდებიან, რომ მათი დღის წესრიგი და რეალობა, სრულიად მოწყვეტილია ხალხის მისწრაფებებს. იმედია, ესეც იგივე პიარ-კამპანიად არ იქცევა და არ იქნება პოლიტიკის სიმულაციის გაგრძელება.

- გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციურ ფლანგზე. რა შანსები შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკაში გახარიასა და რა კორექტივებს შეიტანს ჩვენს შიდა პოლიტიკაში მისი გამოჩენა?

- გახარიას მიმართ ნდობა ამ ეტაპზე ობიექტურად მაღალია. მაგრამ, თუ გახარია სრულფასოვნად აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას, მანამდე მას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი.

თუ გახარია სრულფასოვნად აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობას, მანამდე მას ბევრ კითხვაზე ექნება პასუხი გასაცემი

პირველი - რამდენად დამოუკიდებელია ის და მეორე - ის არ იყო პარტიის რიგითი წევრი, ის მთავრობის მეთაური, პრემიერმინისტრი იყო. ამიტომ დღევანდელი ვითარების სხვაზე გადაბრალება მას გაუჭირდება.

შესაბამისად მას მოუწევს მკაფიო და დამაჯერებელი პასუხების გაცემა თუ ვინ და რამ შეუშალა ხელი უკეთესი ეკონომიკური, სოციალური, სასამართლო და სხვა რეფორმების განხორციელების პროცესში.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ გახარია პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე არ მიიღებდა. თქვენ როგორც მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა რა შეიძლება თქვათ - გახარია პოლიტიკაში საკუთარი სურვილით დაბრუნდა თუ ივანიშვილის მხარდაჭერით?

- ამას დრო, მისი პოზიცია გვაჩვენებს.

- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ოპოზიციას ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, ხოლო ხელისუფლება პირიქით, ოპოზიციას სდებს ბრალს იმაში, რომ სწორედ ის მუშაობს რუსეთზე?

- რუსეთი აგრესორია უკვე 200 წელია. 2008 წლის ომმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ხალხის მეხსიერებაში მისი ეს სახე-ხატი. ამიტომ პრორუსულის იარლყით მანიპულირება არახალია, მინიმუმ 30 წელს ითვლის თუ მეტს არა.

ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა განშტოებებიც ერთმანეთს სუკის აგენტობაში სდებდნენ ბრალს რაც დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იარსებებს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ნაკლებად იდეოლოგიზირებული და მეტად რაციონალური პოლიტიკის გატარებით იქნება დაკავებული.

რეალურად, გარდა მარგინალური ძალებისა, რუსეთს არ ყავს საქართველოში ძლიერი პოლიტიკური მოკავშირე. მაგრამ, რაც უფრო სამწუხაროა, ჩვენში დამკვიდრებული პოლიტიკური ძალების, ყოფილი და ახლანდელი მმართველი პარტიების გაუაზრებელი ნაბიჯები წარმოდგენს რუსეთის მთავარ მოკავშირეს, რასაც რუსეთი ოსტატურად იყენებს.

რეალურად, გარდა მარგინალური ძალებისა, რუსეთს არ ყავს საქართველოში ძლიერი პოლიტიკური მოკავშირე. მაგრამ, რაც უფრო სამწუხაროა, ჩვენში დამკვიდრებული პოლიტიკური ძალების, ყოფილი და ახლანდელი მმართველი პარტიების გაუაზრებელი ნაბიჯები წარმოდგენს რუსეთის მთავარ მოკავშირეს, რასაც რუსეთი ოსტატურად იყენებს

ზოგადად გარესაფრთხეებით საზოგადოების მანიპულერაბა და საკუთარი უუნარობის ამ გზით გადაფარვა, ავტორიტარული რეჟიმების მახასიათებელია. არც რუსეთია ყველაფერში დამნაშავე რაც საქართველოში ხდება, და არც რაც დასავლეთიდან მოდის ყველაფერი საუკეთესო და მისაღები.

- ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვებს, იქნება ეს იმის ნიშანი, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ახლა ანალოგიური ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას?

თუ სასამართლოს მელია ციხეში დატოვა, ეს რისი ნიშანი იქნება?

- სასამართლო რომ თავისუფალი არ არის მმართველი გუნდის გავლენისაგან ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ მართლაც ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან. სწორედ ამ კომინიკაციის და ევროკავშირის პოზიციის შედეგი იქნება, თუ რა მოხდება სამშაბათისთვის გადადებულ მელიას სასამართლოზე.

დღეს 9 აპრილია. იმედია მალე უფრო დავაფასებთ იმ ადამიანების ბრძოლას და ძალისხმევას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმერთელობა გაიღეს ამ ტრაგიკულ დღეს და თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებულ დამოუკიდებლობას, მართლაც ვაქცევთ განვითარების საწინდრად.

"ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა