გიგა ბოკერია - ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ დღესაც თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან

ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მე მას მინდა, ისევე როგორც ყველა სხვას, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეულმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის უკვე ყოფილი წევრის გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, პარტიიდან აქამდეც წასულან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის, ელენე ხოშტარია, რომლებსაც მსგავსი ტიპის თავდასხმებისგან თავი შეუკავებიათ.

„პატივს ვცემ გიგი უგულავას არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი გუნდის ფასეულობებთან თანხვედრაში იქნება. იქამდეც ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, მაგრამ ამ ტიპის თავდახმებისგან ზოგს თავი შეუკავებია. ელენე ხოშტარია წავიდა, თავის გზაზე დადგა, მაგრამ ასეთი უსიამოვნო კომენტარები მისგან მე არ მომისმენია და დღეს ის არის ჩემთვის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პარტნიორი და მე ვისურვებდი, რომ ყველა ასე იყოს,“- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებულებები, ფასეულობები და ის ხედვა, რაც „ევროპულ საქართველოს“ აქვს მოსახლეობამდე მიიტანონ და ამ შემთხვევაში პარტიას ბევრად დიდი მხარდაჭერა ექნება.

„იმ ნიაღვარის ფონზე, ცილისწამებისა და სიძულვილის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით ამ გუნდზე მოდის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგან, მაგრამ არა მარტო მათგან, ჩვენ ასჯერ უკეთ უნდა ვიმუშავოთ დღეიდან, ვიდრე აქამდე ვმუშაობდით, რათა ეს ხედვა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე და მაშინ, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა აუცილებლად გაიზრდება,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარტიის ყოფილი წევრის გიგი უგულავას განცხადებით, მოსაზრება, რომ გაწეულიყო პარტიის მართვისგან არ გაიზიარა გიგა ბოკერიამ, არგუმენტით რომ ახლა ამის დრო არ არის.

„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ,“- განაცხადა უგულავამ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!