ეუთო-ში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაციის გამო შეშფოთება გამოხატეს და რუსეთის ეს ქმედება დაგმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის მხარის ინიციატივით გამართულ ეუთო-ს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ მოხსენებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების შესახებ განმარტება უნდა გაეკეთებინა, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, ევროკავშირის სახელით შეშფოთება გამოხატა პორტუგალიამ და რუსეთს დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის არმიის მოქმედებასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა და შეშფოთება გამოხატა რუსეთის გადაწყვეტილების გამო, შეხვედრას არ დასწრებოდა.

კანადამ რუსეთს შეკითხვით მიმართა, როდის აპირებს, რომ საკუთარი ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნოს.

„შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა, რომ გამჭვირვალობის არარსებობა მიანიშნებს, რომ ეს არ არის ტრადიციული და წინასწარ დაგეგმილი წვრთნები. გერმანიამ, რომელმაც განცხადება საფრანგეთის სახელითაც გააკეთა, აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო კონტიგენტის მასშტაბური გადაადგილება შეშფოთებას იწვევს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი პოზიციები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ასევე გამოხატეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა. შვეიცარიამ უკრაინას შეხვედრის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა „ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას“.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს