ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ აგურ -აგურ უნდა ავაწყოთ პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე

ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ რომელიმე ერთი შეხვედრა მოახდენს გარდატეხას, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, აგურ-აგურ დავაწყოთ ეს პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ერთი კონკრეტული თარიღისა და შეხვედრის ირგვლივ განსაკუთრებული მოლოდინების შექმნას უნდა მოვერიდოთ, რადგან ეს არის დიდი პროცესი მრავალი აქტორით. მათ შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მოქმედებს არა როგორც ინდივიდი, არამედ მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებისა და მოსახლეობის სახელით.

„მთავარია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ უწევდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა, ეს უნდა იყოს ამოცანა ყველასი, რომ როგორმე ისეთი ქვეყანა შევქმნათ, სადაც ადამიანები დაბრუნდებიან და მუდმივად თვითმფრინავისკენ არ ექნებათ თვალი და ყური. რაღაც კონკრეტული თარიღის ან შეხვედრისა და ჩამოსვლის ირგვლივ განსაკუთრებული მოლოდინის გაჩენას, ვფიქრობ, რომ სჯობს მოვერიდოთ, რადგან ეს არის დიდი პროცესი, მას ჰყავს მრავალი აქტორი. ცხადია, რომ წინა ფლანგზე ჩანდა ამ პერიოდის განმავლობაში კრისტიან დანიელსონი, იმიტომ, რომ სწორედ ის მოავლინა პრეზიდენტმა მიშელმა, ასევე, ორივე ელჩი, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ადამიანები, როგორც ინდივიდები კი არ მოქმედებენ, მათ უკან დგანან უზარმაზარი ინსტიტუციები და ცხადია, ევროპის სახელმწიფოები. შარლ მიშელი მოქმედებს ევროპის ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების, პრემიერ-მინისტრების და ხალხის სახელითაც. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ რომელიმე ერთი შეხვედრა მოახდენს გარდატეხას, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, აგურ- აგურ დავაწყოთ ეს პროცესი, რომ საბოლოო ჯამში მივიდეთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ამ პროცესში ჩადებული დრო, ენერგია და მხარდაჭერა არ გავაუფასუროთ.

„მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გაგრძელდება ეს მოლაპარაკება, კონკრეტულად რა ფორმას მიიღებს, ვფიქრობ, რომ ნაადრევია საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ არ დავკარგოთ სიცხადე მიზნისკენ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს მიშელის 6 პუნქტის ირგვლივ, ეს არის ამოსავალი და ასევე, არ უნდა დავკარგოთ და ამ ყველაფერში არ უნდა გავაუფასუროთ ის დრო, ენერგია და მხარდაჭერა, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აქვს თავისი ორი სტაბილური, ძალიან გონიერი და ძალიან გამოცდილი პარტნიორის მხრიდან - ეს არის ევროპა და ამერიკა,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ სანამ ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია, იმედი არ აქვს, რომ სისტემური რეფორმები დაიწყება და ბოლომდე მივა, ამიტომ, ნაცვლიშვილის თქმით, აუცილებელია ახალი არჩევნები და ძალების სამართლიანი გადანაწილება.

„თუმცა ეს კონკრეტული კრიზისი უნდა განიმუხტოს, რაც შეიძლება სწრაფად და განიმუხტოს იმგვარად, რომ ამან მისცეს ქვეყანას შესაძლებლობა სამართლიანი სისტემებით სასამართლოში, ცესკო-ში და ა.შ. მივიდეთ ჩვენ არჩევნებთან,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს