შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე - ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მართლმსაჯულების სწორად წარმართვა და დაველოდოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო

არ მგონია დიდად რაიმე გავლენა იქონიოს ნიკა მელიას პროცესმა მოლაპარაკებებზე - არაერთხელ განვაცხადეთ არა მხოლოდ ჩვენ, დააკვირდით ოპოზიციის - „გირჩის", „მოქალაქეების" განცხადებებს, რომ ოპოზიციაში არის ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამ ჯგუფისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნიკა მელია ციხეში იქნება, თუ გარეთ.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელია, ისევე როგორც რიგგარეშე არჩევნები და პანდემია, მათთვის არის საბაბი, რომ „არიონ სიტუაცია ქვეყანაში, რათა არჩევნების გვერდის ავლით მოიპოვონ ძალაუფლება“.

„დღეს ჩვენ გვაქვს იგივე მოლოდინი, რაც გვქონდა 8 აპრილს. ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ პროცესი მიმდინარეობს კანონიერ ფარგლებში, მაშინაც ჩვენი ოპონენტების მოლოდინი იყო, რომ პროცესი არის პოლიტიზირებული, რა ვნახეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ? - ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ნიკა მელია დასწრებოდა პროცესს, სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და დღეს ნიკა მელია ესწრება ამ პროცესს, ამიტომ აქ რაიმე პოლიტიზირებაზე საუბარს, აჟიოტაჟის ატეხვას და შემდეგ საკუთარი სიტყვების უარყოფის რეჟიმში ჩადგომას, როგორც ეს ჩვენს ოპონენტებს უწევთ ხოლმე ხშირად, სჯობს ყველა მშვიდად მოეკიდოს ამ პროცესს. ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მართლმსაჯულების სწორად წარმართვა და დაველოდოთ, რას გადაწყვეტს მიმდინარე სასამართლო,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად იყო არა მხოლოდ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, არამედ 20 ივნისის სხვა მონაწილეებთან დაკავშირებითაც, „რომლებსაც ოპოზიცია ივიწყებს", კომპრომისული ნაბიჯი გადაედგა.

„ჩვენი კომპრომისული შეთავაზება იყო და დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა ამნისტიის გამოცხადება, რომელიც შეეხებოდა 20 ივნისის ყველა მონაწილეს და ამით ეს ფურცელი გადაგვეშალა. სწორედ ეს იყო ჩვენი კომპრომისი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლებიც დღემდე საუბრობენ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ივიწყებენ იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ასევე ბრალდებულია ძალადობაში და ნიკა მელიას და იმ პოლიტიკური ლიდერების გვერდით იდგნენ, მონაწილეობას იღებდნენ ძალადობაში. ჩვენ არათუ მხოლოდ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შევთავაზეთ, არამედ გავაფართოვეთ ეს შეთავაზება და ვთქვით, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით მოდით გადავშალოთ ეს ფურცელი და გამოვაცხადოთ ამნისტია. თუმცა, ჩვენმა ოპონენტებმა ამაზე უარი განაცხადეს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა