აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროპარლამენტის წევრებს და ევროპულ საბჭოს მიმართავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროპარლამენტის წევრებს და ევროპულ საბჭოს სასამართლო სისტემაში რეფორმის აუცილებლობის შესახებ მიმართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემის ფუნდამენტირი რეფორმის თვალსაზრისით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ორმაგი მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს

„საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. აღნიშნულს ადასტურებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მონაწილეობით წარმართული მედიაციის პროცესის ორჯერ წარუმატებლად დასრულება. პოლიტიკური პარტიები არ დგამენ ნაბიჯებს აუცილებელი რეფორმებისთვის, რომლებიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.

ერთ-ერთ ასეთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს ძირეული სისტემური ცვლილებები სასამართლო სისტემაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო ხელისუფლება იქცა ხელისუფლების იარაღად და ის პოლიტიზირებული იყო. 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მიეცა შანსი, ჩაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმა სასამართლო სისტემაში, თუმცა, ნაცვლად ამისა, ვიხილეთ სასამართლო რეფორმის ტალღები, რომლებმაც შედეგად მოიტანა სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ამ ჯგუფს არა მხოლოდ ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტრიბუნებზე კლანის სახელით მოიხსენიებენ და მას სისტემის არაფორმალურად მართვის ბერკეტები გააჩნია. აღნიშნული რეფორმების ტალღებმა შედეგად მხოლოდ კლანის ძალაუფლების განმტკიცებასა და მისი ხელშემწყობი პროცედურული ნორმების დახვეწას შეუწყო ხელი, რამაც ხელშესახები შედეგი ვერ მოიტანა და სასამართლო სისტემა გავლენებისგან ვერ გათავისუფლდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მხოლოდ პროცედურების დახვეწას ემსახურება და ამ ცვლილებებს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებით ასაბუთებს. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ეს ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გათავისუფლებას კლანის ძალაუფლების გავლენებისგან და აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებები სისტემაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას მიაჩნია, რომ დროა საქართველოში გატარდეს ფუნდამენტური რეფორმა სასამართლო სისტემაში, რომელიც მოემსახურება მართლმსაჯულების გათავისუფლებას არაფორმალური მმართველობისგან. ამდენად, მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ორმაგი მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს;

პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნა, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა ორმაგი მხარდაჭერით. პარლამენტმა კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ორმაგი მხარდაჭერით;

სასამართლოში უკვე დანიშნული მოსამართლეები, უნდა გადაინიშნონ თანამდებობებზე ახალი პროცედურით;

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა იყვნენ ის მოსამართლეები, ვისაც ადმინისტრაციული თანამდებობები უკავია სასამართლო სისტემაში;

ამდენად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გამოხატოს პოლიტიკური ნება აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, ხოლო ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის როგორც საკანონმდებლო ცვლილებებში, ისე მათ პრაქტიკულ იმპლემენტაციაში.

გვჯერა, თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აუცილებელი სასამართლო რეფორმის დაწყებასა და პროცესის ჯანსაღად წარმართვაზე. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ მხარეებთან ამ ცვლილებების განხორციელებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერეს 46 ორგანიზაცია:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ლიბერალური აკადემია თბილისი; ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების ცენტრი; ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები; საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია; ახალგაზრდული ალტერნატივა; ასოციაცია ტოლერანტი; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; ასოციაცია ჯანმრთელი ბავშვები; ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის”; ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო; ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი; ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია; ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია; ასოციაცია "გადავაჩინოთ მომავალი თაობა”; ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"; ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების სააგენტო საქართველო; ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“; ასოციაცია „თანხმობა“; ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"; ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი; მეწარმე ქალთა ფონდი; ასოციაცია ჰერა; ,,თავისუფალი არჩევანი”; სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო; თავისუფალი მედია სივრცე; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია; თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი; სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის; საზოგადოებრივი დამცველი; ჯანმრთელი სამყარო; გურიის აგრობიზნესცენტრი; ჩართულობის და განვითარების ცენტრი; პრესის ასოციაცია; ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მშვიდობის სამოქალაქო პლატფორმა; საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი; ფონდი "სოხუმი"; კავკასიური სახლი საქართველო; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა; საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჭაობი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა