ჯო ბაიდენი - თუ რუსეთი ჩვენი დემოკრატიისთვის ხელის შეშლას განაგრძობს, მზად ვარ, შემდგომი საპასუხო ზომები მივიღო

შეერთებული შტატები არ ცდილობს რუსეთთან ესკალაციისა და კონფლიქტის ციკლის დაწყებას. ჩვენ გვსურს სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი აშშ-ის დემოკრატიისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, ის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, მზადაა, საპასუხო ნაბიჯები გადადგას.

„თუ რუსეთი ჩვენი დემოკრატიისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მზად ვარ, შემდგომი საპასუხო ზომები მივიღო. ეს ჩემი, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, კვირის დასაწყისში პუტინთან გულწრფელი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი ჰქონდა და უთხრა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ ფართო კიბერშეტევისთვის აშშ საპასუხო ზომებს გაატარებდა.

„როდესაც ამ კვირაში ვისაუბრეთ, მე ვუთხარი მას, რომ მალე ვუპასუხებდით გაზომილი და პროპორციული გზით, რადგან დავასკვენით, რომ ისინი ჩაერივნენ არჩევნებში,"- აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, რუს კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„პრეზიდენტ პუტინს ცხადად ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროპაში ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ამ კუთხით შეშფოთება გამოვთქვი უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო. კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად მოვუწოდე ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან თავის შეკავებისკენ,"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, ბაიდენის თქმით, მან პუტინს მიმდინარე წლის ზაფხულში შეხვედრა შესთავაზა.

"მე შევთავაზე, რომ ამ ზაფხულს პირადად შევხვდეთ ევროპაში, სამიტზე, სადაც განხილული იქნება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. ჩვენი გუნდები ახლა ამ შესაძლებლობაზე მსჯელობენ,"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზადაა.

”ახლა დეესკალაციის დროა. წინსვლის გზა გააზრებულ დიალოგსა და დიპლომატიურ პროცესზე გადის. აშშ მზადაა კონსტრუქციულად განაგრძოს ამ პროცესის განხორციელება. სადაც იქნება ამერიკის ინტერესი, რომ იმუშაოს რუსეთთან ერთად, უნდა ვიმუშაოთ. სადაც რუსეთი დაარღვევს ამერიკის ინტერესებს, ჩვენ ვუპასუხებთ. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ინსტიტუტებისა და მოკავშირეების ინტერესებს,"– აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს