არასამთავრობო ორგანიზაციები „ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებზე სამთავრობო უწყებებსა და ინვესტორებს, ასევე პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები “ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებსა და ინვესტორებს, ისევე როგორც პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უმთავრესია, მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;

„ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით.

ჩვენ ვიზიარებთ პროტესტის მონაწილეების გულწრფელ მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები. მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. სამწუხაროდ, მოვლენათა მიმდინარეობა არ იძლევა ამ ზიანის აცილების იმედს. ამიტომ:

მოვუწოდებთ სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს, ისევე როგორც პროტესტის მონაწილეებს, გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად. უნდა დაიწყოს ინფორმირებული და პრაგმატული დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, რათა შევწყვიტოთ მტრისთვის სასარგებლო ურთიერთდაპირისპირება და დავიწყოთ ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობა. ეს სავსებით შესაძლებელია შესაბამისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პირობებში.

მივმართავთ მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით, ყველანაირად ხელი შეუწყონ მხარეების საგნობრივ დიალოგს.

მივმართავთ კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავიანთ შესაძლებლობის ფარგლებში, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის და შეფასებების საშუალებით, ხელი შეუწყონ მდგომარეობის განმუხტვას და მხარეებს შორის საგნობრივი დიალოგის ჩამოყალიბებას.

მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა.

ამისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:

  1. უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;
  2. ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები.
  3. მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარეების მიმართ.
  4. განხილვის პერიოდში გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. ხოლო ჩართული მხარეები მოერიდონ დისკუსიის პროცესში საკითხების პოლიტიზირებას და ამით მათი არსებითი განხილვის ხელშეშლას.

შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აწერენ: მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი; ლევან მიქელაძის ფონდი; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს გეოსტრატეგიის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი; ასოციაცია "ათინათი"; ABCO-Georgia; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ასოციაცია ,,დეა"; სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო; ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"; ელექტრონული მმართველობა საქართველო; გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრი; ასოციაცია ტოლერანტი; საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია; იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"; მეგობრობის ხიდი ქართლოსი; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; ასოციაცია "მშვიდობიანი დ საქმიანი კავკასია"; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; ფონდი „სოხუმი“; ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ვალერი ჩეჩელაშვილი GFSIS; სივილ ფორუმი; ცენტრი ემპათია.

გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ ხარისხის მართვის მენეჯერი - ორიგინალი წარმოების ქარხნული ავტონაწილები ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას რეალურად ახანგრძლივებს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“