თენგიზ ფხალაძე - მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის

ეს არის ის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ.

„ეს დოკუმენტი ახალი არ არის, ეს არის დაზუსტებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში უბრალოდ დაზუსტებულია ის თემები, რამაც განსხვავებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა რადგანაც ჩვენ არ გვესმის დიპლომატიური ენა, ეს ყველაფერი გადმოგვითარგმნა იმ ენაზე, რომელსაც იმედი აქვთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები გაიგებენ. მე პირადად მგონია, რომ ეს არის ის ვარიანტი, რომელზედაც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური. აქედან გამომდინარე, უნდა გავიგოთ, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არის საქართველოს ინტერესებში და საქართველოს ინტერესებშია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ, არამედ ეს ნიშნავს იმასაც, რომ უბრალოდ ხელს ვკრავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა