ამირან გამყრელიძე - ველოდებით 100 ათას დოზა „სინოვაკის“ ვაქცინას, მიმდინარეობს მოლაპარაკება ისევ „სინოფარმთან“ ნახევარ მილიონ დოზაზე, რომლის ნაწილიც შეიძლება, ივნისში მივიღოთ

ამ დროისთვის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ 11 000 დოზა დარჩა დაუჯავშნელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

მისივე თქმით, 30 აპრილიდან, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში აცრები არ იქნება.

„ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით, 31 911-ზე მეტი აცრა ჩატარდა, აქედან „ასტრაზენეკათი“ აცრილია 18 455 და „ფაიზერით“ 13 546 მოქალაქე. ჯავშანი 15 მაისამდე გაკეთებულია 23 332 დოზაზე, აქედან „ასტრაზენეკაზე“ არის 11 371 და „ფაიზერზე“ 11 961. დღევანდელი მონაცემებით აცრა მიმდინარეობს ქვეყნის 31 ჰოსპიტალში, აცრის 61 ბრიგადა და გამტარუნარიანობა ამ ბრიგადების არის 2000-მდე. დღეს დღიური აცრის საშუალო მაჩვენებელი 1300-1400-ის ფარგლებშია და სასურველია იყოს 2000-დან 3000-მდე. ამ ეტაპზე კიდევ მიმდიანრეობს გაფართოება, მეორედ უტარდებათ ტრენინგი დაახლოებით 100-მდე ჰოსპიტალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ალერგოლოგების მიერ და ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე გავიდეთ 250-დან 300 ამცრელ ბრიგადაზე და ამცრელ ბრიგადაზე ვანგარიშობთ დაახლოებით 40-დან 50-მდე აცრას ყოველდღიურად.

დღეს „ასტრაზენეკას“ 11 000 დოზა გვაქვს დაუჯავშნელი ჯერჯერობით, დანარჩენი ან უკვე აცრილია ან დაჯავშნილი უკვე, ამის შემდეგ 27 აპრილს შემოვა 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ და შემდეგ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შემოვა კიდევ 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“ - ეს ყველაფერი „კოვაქსის“ არხით შემოვა. ამასთან, გვაქვს „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა დასაწყოებული, რომლისთვისაც 27-ში გაიხსნება დაჯავშნის ფანჯარა და 4 მაისიდან დაიწყება აცრები.

ზოგადად 30 აპრილიდან, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აცრები არ იქნება ქვეყანაში. ჩვენ მოსახლეობასაც და თვითონ ამცრელ ჩვენს კოლეგებსაც ვაძლევთ შესვენების პერიოდს და 4 მაისიდან ეს ყველაფერი ისევ განახლდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთეს, მათთვის „ფაიზერის“ მეორე დოზა შენახულია და შეუძლიათ აიცრან.

„მე მინდა კიდევ ერთხელ გავაჟღერო ვინც აცრილია „ფაიზერის“ პირველი დოზით, არავის არ დაკარგვია მეორე დოზა, ყველასთვის შენახულია მეორე დოზა და ყველა ადამიანს შეუძლია აიცრას. ამის გარდა ველოდებით 100 ათას დოზა „სინოვაკს“ და მიმდინარეობს მოლაპარაკება ისევ „სინოფარმთან“ ნახევარ მილიონ დოზაზე, რომლის ნაწილიც დიდი ალბათობით შეიძლება, ივნისში მიიღოს ქვეყანამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა