სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს

სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს.

რეზოლუციის სპონსორი სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონია. მასთან ერთად რეზოლუციას სპონსორობას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში უწევენ.

სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დაიდო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

„მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და სიმამაცისთვის, რომლითაც ამ კომპრომისისთვის იმუშავეს ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯერ ბევრი საქმეა დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა და ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო აღდგეს”, - აცხადებს რიში.

სენატორი რონ ჯონსი მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, შემოწმებისა და ბალანსის სისტემას და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც უკეთესად ფუნქციონირებად დემოკრატიის შექმნას დაეხმარება“, - განაცხადა ჯონსონმა.

საქართველოს შეთანხმების მიღწევას ულოცავს სენატორი ჯინ შაჰინი და აცხადებს, რომ მძიმე მუშაობა ახლა იწყება.

„მეამაყება შევუერთდე სენატორებს ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ [სრულმა სენატორმა] მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირის დასაწყისში ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე მუშაობა ახლა იწყება. რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ასახავს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს დემოკრატიის წარმატებისთვის“, - განაცხადა შაჰინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს