ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არანაირი საფუძველი და წინაპირობა, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო, არ არსებობდა, ამიტომ ამის მიღმა „რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს“

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, არანაირი საფუძველი და წინაპირობები იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარიყო არ არსებობდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ პროცესი გაეგრძელებინა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც მოლაპარაკებების პროცესში წარმატებას მიაღწია, ამიტომ განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა ვინმე ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს, გაუგებარია.

„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისგან, მითუმეტეს, გადადგომა, იმიტომ, რომ არანაირი წინაპირობა, რომ ეს ნაბიჯი ყოფილიყო გადადგმული, არ იქმნებოდა. წარუმატებელი მოლაპარაკებები რომ ყოფილიყო და გადამდგარიყო, მაშინ გასაგებია, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის ამ მოლაპარაკებებში, მათ შორის არის არჩილ თალაკვაძეც, ამიტომ, რაღაც მთლად ლოგიკური განცხადება, ჩემი აზრით, არ არის. არ ყოფილა ის ცუდი სპიკერი, ამას შეიძლება ხაზი გავუსვათ, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ გადადგომის მიღმა უფრო რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს, ვიდრე ის, რომ მან თავისი მისია შეასრულა და ახლა ვიღაც უფრო ნეიტრალურმა უნდა გააგრძელოს ეს პროცესი. მე მგონია, რომ, პირიქით, პროცესი მას უნდა გაეგრძელებინა, ვინც წარმატებას მიაღწია ამ მოლაპარაკებების დროს. ამჟამად რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ვერ ვხვდები, მაგრამ, ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, უფრო რეალური მიზეზი გამოჩნდეს თუ რატომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მიღწეული შეთანხმება საზიანოდ და საკუთარ მარცხად რომ ჩაეთვალა, არა მხოლოდ არჩილ თალაკვაძე, არამედ ირაკლი კობახიძეც უნდა გადამდგარიყო, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის რანგში სწორედ კობახიძემ მიიღო.

„მარცხად თუ აღიარა „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ გადადგება არა მარტო თალაკვაძე, არამედ კობახიძეც, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ თალაკვაძე კი არა, კობახიძე იღებს - „ქართული ოცნების“ სტრუქტურა ასეთია, რომ პარტიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ თუ „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება მათთვის წამგებიანია, მაშინ პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა მოდის კობახიძეზე და არა თალაკვაძეზე. თუ ამ განცხადებას გააკეთებს კობახიძე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ეს არის მარცხი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს. როგორც თალაკვაძემ განმარტა, პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება სპიკერის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა