ლევან დავითაშვილი - ქურციკების აღდგენის პროექტის წარმატება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს თანამშრომლებსა და დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მადლობის სიგელები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ სამუხის ველი სასაზღვრო ტერიტორიაა და დაცული ტერიტორიის სტატუსი არ გააჩნია, პროექტის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის როლი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო) ქურციკების პოპულაციის დაცვისა და მონიტორინგის პროცესში აქტიურად არის ჩართული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქურციკების აღდგენა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროექტია.

„ქურციკების აღდგენა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროექტია; აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე, სამუხის ველზე, მოხდა ულამაზესი სახეობის, ქურციკის რეპოპულაცია. მოხარული ვარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებულია; მხოლოდ 10 სულით დავიწყეთ და დღეს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე ქურციკის 150-მდე ინდივიდი ფიქსირდება. ეს ორ უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული შედეგია. ბრაკონიერობის გამო, ქურციკის პოპულაციის აღდგენის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო. ახლა კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მდგრადი პოპულაცია ყალიბდება, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიზიდულობის ზრდის თვალსაზრისითაც. ვაშლოვანი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვიზიტორებს შორის, აღნიშნული პროექტის განხორციელებით კი, კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს”, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ქურციკის აღდგენა საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. მას ევროპული დიპლომი პირველად 2015 წელს მიენიჭა; 2020 წელს კი, დიპლომის ვადა 10 წლით გახანგრძლივდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა