ალეკო ელისაშვილი - სუს-ის ანგარიშში კი წერია, რომ 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ საერთოდ ვებრძვით კი რუსულ აგენტურას საქართველოში?

სუს-ის ანგარიშში კი წერია, რომ 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ა.შ, მაგრამ საერთოდ ვებრძვით კი რუსულ აგენტურას საქართველოში? - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის შეფასებისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში საჯაროდ არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოაშკარავებულა.

„მე, როგორც ერთ მოქალაქეს, ერთ დეპუტატს ჩვენს სპეცსამსახურთან მაქვს ის პრეტენზია, რომ არ ვიცი საერთოდ კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმდინარეობს თუ არა. ამ ანგარიშში კი წერია, რომ იქ 12 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ა.შ, მაგრამ საერთოდ ვებრძვით კი რუსულ აგენტურას საქართველოში? ვხედავთ, რომ ჩეხეთიდან 63 რუსი გააძევეს, მათ დიდ ნაწილს ჯაშუშობის ბრალი წარუდგინეს, იტალიის არმიაში აღმოაჩინეს აგენტები, ბულგარეთიდან გააძევეს დეპუტატები და აგენტები და ჩვენთან საჯაროდ არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოაშკარავებულა. როგორ ვახერხებთ ამას?! დარწმუნებული ვარ, ალბათ, დუღს საქართველო რუსეთის აგენტურით. ასე მიჩუმათებულად და ჩუმად კი არ უნდა მოქმედებდეს, რომ 12 საქმე აღვძარი და ზრდილობიანი ფორმა, არამედ გამოაშკარავებული უნდა იყოს მთელი ეს ქსელი. სულ მცირე, როცა ადამიანები ციხეში სხედან, მაგალითად, ვაჟკაცი ბიჭი ზაზა გახელაძე და ვერაფრით ვახერხებთ მის გამოხსნას, თუ აქ აგენტს გამოვააშკარავებდით, გავცვლიდით მაინც ჩვენს მოქალაქეში და ვაჟკაც ბიჭში. ეს კითხვა მექნება ყოველთვის, სანამ საქართველო არ მოიქცევა ისე ღირსეულად, როგორც ჩეხეთი იქცევა, როცა ასე ღიად დაუპირისპირდა რუსეთს. არ ვამბობ, რომ რუსეთს ომი უნდა გამოვუცხადოთ, მაგრამ ვინც ქვეყანას ძირს უთხრის და რუსეთის აგენტურა ამითაა დაკავებული, ვამხილოთ მაინც, ვაჩვენოთ მაინც ხალხს, რომ ესენი არიან მავნებლები ან გამოვიყენოთ მაინც იმ ინსტრუმენტად, რომ ჩვენი დატყვევებული მოქალაქეები გამოვიხსნათ.

მე, როგორც ერთ დეპუტატსა და მოქალაქეს, მგონია რომ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, არადა, როცა ხელისგულზეა, რომ დათარეშობენ, რუსეთის აგენტურა დათარეშობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და არამხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში. არგუმენტები გასაგებია, მაგრამ ქმედება უფრო გასაგებია ჩემთვის. სახელმწიფოსა და სპეცსამსახურისგან თავმოყვარე საქციელი იქნებოდა, რომ გამოაშკარავებული იყოს რაღაც ნაწილი მაინც იმ აგენტურის, რომელიც ამ ქვეყანას ძირს უთხრის და ანგრევს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა