ნიკა მელია - გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე

გაითხოვეთ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელია მიმართავს ოპოზიციიდან მათ, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.

„რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ "ქართული ოცნება" ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.

კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არცერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ "ქართულ ოცნებას":

გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, -წერს ნიკა მელია.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია