შალვა პაპუაშვილი - ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია, ვინც უარყოფს - დამარცხებული

ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია. ყველა, ვინც უარყოფს - დამარცხებული, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტის ყველა პუნქტს შეასრულებს, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.

„19 აპრილს პარტიების იმ ნაწილმა, რომლების საზოგადოებრივ თანხმობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს პარტიულ ინტერესებზე წინ აყენებს, ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციის ფარგლებში შედგენილ შეთანხმებას. ამ შეთანხმების ყველა პუნქტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩემი აზრით, ამ შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პრეამბულაა. აქ ჩვენ მოვისმინეთ გამოსვლაში, თითქოს, შარლ მიშელის დოკუმენტი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რეფერენდუმი უნდა გაიმართოს და ბევრი რამ, რასაც სინამდვილეში შარლ მიშელი არ ამბობს. შარლ მიშელი ამბობს შემდეგს - ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური უთანხმოება, ჩვენ სოლიდარულად უნდა ვებრძოლოთ პანდემიას, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელება. სწორედ ეს არის ის მიზანი, რომლის გარშემოც ყველა პატრიოტი უნდა გაერთიანდეს. სწორედ ეს არის ამ ქვეყნის განვითარების 4 ძირითადი საფუძველი, რომელსაც დღეს ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით განუდგნენ. 6 თვე გავიდა არჩევნების შემდეგ, არ იყო იოლი 6 თვე. დაწყებული 1-ლი ნოემბრის 03:00 საათზე არჩევნების შედეგების გამოცხადების ჩაშლის მცდელობიდან, დამთავრებული 19 აპრილს შეთანხმების ჩაშლის ბოლო მცდელობით. ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენმა მოსახლეობამ იხილა არჩევნების ე.წ. ტოტალური გაყალბების ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც ყალბი აღმოჩნდა. ადმინისტრაციული რესურსის ტოტალური გამოყენების ბრალდება, რომელიც თავადვე უარყვეს, საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების ნატვრა და ამ ნატვრის შეუსრულებლობით გამოწვეული გაწბილება. 6 თვის განმავლობაში ამ მოდელირებულ რეალობას სთავაზობდნენ მოსახლეობას ქუჩაში, მედიაში, სოციალურ ქსელებში. ამ მოდელირებულ რეალობას აჩეჩებდნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეების მტკიცე უარმა, არ აყოლოდა მოდელირებულ რეალობას, განაპირობა 19 აპრილის შეთანხმება და დღვანდელი დღე.

„ჩვენმა მოქალაქეებმა უარი უთხრეს ქვეყნის არევას და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ამ შენობის კედლებში თანამშრომლობა მოსთხოვეს. ჩვენი მოქალაქეების ეს მოთხოვნა, ისევ როგორც ეს სულისკვეთება აისახა 19 აპრილის შენთანხმებაში. კერძოდ, იმაში, რომ უთანხმოება უნდა დასრულდეს, მნიშვნელოვანია, სოლიდარობა პანდემიის დამარცხებასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში, ევროპული იდეის ერთად განხორციელებისას. ყველა, ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას გამარჯვებულია. ყველა, ვინც უარყოფს - დამარცხებული. მათ მხოლოდ ორი გზა დარჩათ - ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ იქნება თავის სიტყვისა და ხელმოწერის ერთგული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს შედგა, ყველა მის პუნქტს, შევასრულებთ. იცით, რომ დღეს სწორედ ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება. „ქართული ოცნება“ ამ სულისკვეთებით იმ ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც დოკუმენტში დევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი