ხათუნა სამნიძე - შესაძლებელია, ჩვენ ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები

ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ესწრებიან.

მისი თქმით, შეთანხმება კიდევ უნდა გაფართოვდეს და უფრო მეტი ოპოზიციური კოლეგა უნდა შეუერთდეს დოკუმენტს. ამასთანავე, სამნიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებზეც მრავალი თვის განმავლობაში არის საუბარი, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები და ამგვარად აღდგეს ნდობა საზოგადოებაში და გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვის, რაც საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის და ძირითადი გზა წინ არის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც არც ერთ ეტაპზე არ მიატოვეს ეს ქვეყანა და ამ ძალიან რთულ, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო, ჩვენ ვიხილოთ ჩვენი ყველა ოპოზიციური კოლეგა, რომელიც შემოუერთდება ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გაჩნდეს ნდობა, თითოეული ჩვენგანის მიმართ საზოგადოებისგან. ძირითადად, რაც გვესმოდა ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენი პარტნიორებისგან, იყო, რომ არ არსებობს ნდობა ორ მხარეს შორის. ქართულ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას სიტყვები: მტრობა, ჩასაფრება, აგრესია, დაპირისპირება, ხელის გადაგრეხვა და წარსულზე ჩაბღაუჭება. ამ შეთანხმებით, სადაც უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიხილოთ ორი ადამიანი, რომელზეც ამდენი თვეა ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები, თავისუფალი და ამით ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, გავუჩინოთ ნდობა, რომ ჩვენ შესაძლებელია შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რასაც ხელი მოვაწერეთ და რაზეც შევთანხმდით. ჩვენ შესაძლებელია ქართული პოლიტიკის დამახასიათებელ სიტყვებად ვაქციოთ: კომპრომისი, შეთანხმება, თანამშრომლობა, მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯები. მინდა ყველას გთხოვოთ, ამ ძალიან მყიფე და სახიფათო პროცესში შევძლოთ მტრობის და დაპირისპირების, ისევ კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რაც ეხება ამნისტიის კანონი,“- განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შეკრების შემდეგ უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, ვინც 20 ივნისის ღამეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს.

„ძალიან ბევრი კითხვაა და ყველაზე მთავარი კითხვა, ხომ არ შეეხება ამნისტია იმ ადამიანებს, ვინც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს დემონსტრანტებს. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, ორივე მხარემ გუშინ, რომ არა! - ამ ადამიანებს არ შეეხებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ სამუშაო შეხვედრების შემდეგ, უფრო მკაფიო იყოს ეს პოზიციები და შევძლოთ ამ პირველი ნაბიჯებით ნდობა აღვადგინოთ საზოგადოების მხრიდან,“- განაცხადა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა