ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2021

ახალი სავაჭრო თემა - რას სთხოვს სააკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას

საქართველო კრემლის “შავ სიაში” - რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს

სრული “ლოკდაუნი” საქართველოს საზღვრებთან - რა ხდება თურქეთში და რას უნდა ველოდოთ საქართველოში

* * *

ახალი სავაჭრო თემა - რას სთხოვს სააკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობისას პირადად მისი სამართლებრივი დევნის საკითხი დააყენონ. რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს მოთხოვნა ახალი ულტიმატუმის სახით დაუყენოს? ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ექს-პრეზიდენტს სავარაუდოდ ორი მიზანი აქვს - ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ჩაშლა, ან “ოცნებაზე” მუდმივი ზეწოლის შენარჩუნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი სავაჭრო თემა - რას სთხოვს სააკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას.

“პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. უნდა მოხდეს განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია გამოვიდეს საპატიმროდან ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე. მეორე - უნდა შეწყდეს უამრავი ადამიანის პოლიტიკური დევანა. მესამე - მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯები გადასდგმელია. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას დადგნენ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების მაღლა. ნუ ჩათვლიან, რომ სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ, პირიქით გიძნელებთ. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო და სიტუაცია განიმუხტოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმით, “წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი მაინც არ დადგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მის მოწოდებაში რამდენიმე ვერსია შეიძლება ასებობდეს. პირველი ის, რომ პროცესი ჩაიშალოს, ან “ქართული ოცნება” მუდმივად ოპოზიციამ ზეწოლის ქვეშ ამყოფოს, წაუყენოს ახალ-ახალი წინადადებები, რაც პროცესს მართლაც გააჭიანურებს. მე უფრო ვფიქრობ და როგორც ჩანს, სააკაშვილს უნდა, რომ თუ ამნისტია მიღებული იქნება, ეს ამნისტია მასზეც გავრცელდეს და თავისუფალი იყოს თავის ქმედებებში. ამას ითხოვს პარლამენტში შესული ოპოზიციისგან. ჩემთვის სულ ერთია სააკაშვილი აქ იქნება თუ კიევში, მაგრამ ხელისუფლებამ პოლიტიკური სადავეები ხელში უნდა აიღოს და 20 ივნისის პრობლემა ბოლოს და ბოლოს გადაჭრას. მერე რას იტყვის სააკაშვილი, ან მელია გამოვა თუ არა ციხიდან, მნიშვნელობა არ ექნება. მნიშვნელობა არ ექნება ასევე დასავლეთის პატნიორებისთვისაც. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციაც შეინარჩუნოს და ამნისტიის თემაც სავაჭრო არ გახადოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

საქართველო კრემლის “შავ სიაში” - რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს

“ოფიციალური მოსკოვი რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიას ადგენს და მასში, სავარაუდოდ, საქართველოც მოხვდება. ამაზე მიუთითებს თუნდაც 27 აპრილს ქვეყნის მთავარ სახელისუფლებო არხზე - “რასია 1”-ზე გასული ანალიტიკური გადაცემის შინაარსი. ამ “შავ სიაში” მოხვედრილი ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებსა და რიგით მოქალაქეებს კი გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები დაუწესდებათ. ამან კი შესაძლოა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიის შედგენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის განკარგულებით დაევალა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველო კრემლის “შავ სიაში” - რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთში ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს.

“სამშაბათს კი რამდენიმე რუსულმა გამოცემამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ის ათი ქვეყანა დაასახელა, რომელთა შეყვანაც “შავ სიაში” უკვე გადაწყვეტილია - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა. ამავე წყაროების ცნობით, ეს სია საბოლოო არაა და მასზე მუშაობა გრძელდება. რა სანქციები და აკრძალვები დაუწესდებათ სიაში შესული ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებს და რიგით მოქალაქეებს, ბოლომდე გარკვეული ესეც არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილ ქვეყნებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მათ საელჩოებსა და საკონსულოებში, აეკრძალებათ შრომითი ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მოქალაქეებთან. თუმცა, რუსული მედიის ცნობით, იქნება სხვა შეზღუდვებიც, რომლებზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, “იზვესტია” ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “თუ ქვეყნები ანტირუსულ რიტორიკას შეწყვეტენ, შესაძლოა სია გადაიხედოს და არამეგობრული ქვეყნებიდან გაიყვანონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის პარალელურად, სამშაბათს “რასია 1”-ზე ანალიტიკურ გადაცემაში “60 წუთი”, რუსმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა შეადგინეს სია, თუ რომელი ქვეყნები უნდა ჩაითვალოს რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილად და ამ სიაში საქართველოც მოხვდა. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტის ცნება არ არსებობს და ამიტომაც დიდი ალბათობაა, რომ ექსპერტების მიერ ტელეგადაცემისას ჩამოთვლილი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც, რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების ოფიციალურ სიაში შეიყვანონ”, - დასძენს გამოცემა.

“რუსეთში, როგორც ავტორიტარულ ქვეყანაში, ჩვენგან განსხვავებით, დამოუკიდებელ ექსპერტის ცნება არ არსებობს. მათი მხრიდან ამ სიების შექმნა ნიშნავს იმას, რომ კრემლი ამ ქვეყნებზე ტესტირებას ახდენს. კრემლს ასეთი არასასურველი პირების შავი სიები დიდი ხანია შექმნილი აქვს და ახლა უკვე ასეთ სიებს ქვეყნებზე აკეთებს. რუსი ექსპერტების მიერ გადმოცემული სია კი ერთგვარი ტესტირებაა - ეს ამ ქვეყნებისთვის ერთგვარი სიგნალია და პარალელურად იმის შემოწმებაც, თუ შიდა საზოგადოებას რა რეაქცია ექნება. კრემლი ამას უფრო შიდა მოხმარებისთვის აკეთებს, ანუ კრემლი შიდა საზოგადოებრივ აზრს ქმნის, რომლის მეშვეობითაც შეძლებს პოლიტიკური ქმედებების განხორციელებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რაც შეეხება საქართველოს და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, დიდი ალბათობით ამ სიაში საქართველოს შეიყვანს. ალბათ იქნება საუბარი იმაზე, რომ ადგილობრივი ქართველები გამოიყენოს იმისათვის, რომ მოახდინოს ირიბი ან პირდაპირი ზეწოლა და რუსეთში არსებულ დისპორაში შექმნას სიტუაცია, რომ, მაგალითად, ქართველი წარმოშობის რუს ბიზნესმენებს უთხრას - გადაუხადეთ თანხა საქართველოში პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას, რომ პოლიტიკურ ველზე იმოქმედოს. ან, მაგალითად, ქართული წარმოშობის რუსი სამხედროები გარკვეული ჯაშუშური საქმიანობისთვის გამოიყენონ, ან იქ მცხოვრებ ქართველებზე გარკვეული ზეწოლა განახორციელოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველა ვარიანტში ამ სიაში პირველი ამერიკა და ბრიტანეთი შევლენ. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს და უკრაინასაც შეიყვანს, ალბათ ბალტიის სახელმწიფოებსაც, პოლონეთს, ჩეხეთს და ბულგარეთსაც, ანუ ისეთ ქვეყნებს, ვისთანაც ამ ეტაპზე არამეგობრული ურთიერთობა აქვს. ეს სია იმისთვისაა, რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნას, რომ მტრულ გარემოში არიან და ამ მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი სახელმწიფო უნდა დავიცვათ და აქტიური ქმედებები უნდა გავატაროთ, რომ ამ ქვეყნების გავლენა გავანეიტრალოთო. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური წარმომადგენლობა არ გვყავს, ამიტომ ამ კუთხით თუ რამე შეიზღუდება, ჩვენზე მაინცდამაინც არ იმოქმდებს. არ მგონია კარასინი-აბაშიძის ფორმატს რამე საფრთხე შეექმნას, რადგან მოლაპარაკების ეს ფორმატი ეს უფრო მათ ინტერესებშია. ასევე ჟენევის ფრმატშიც არაფერი ისეთი არ იქნება. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, შესაძლოა ამ კუთხით მათზე მკაცრი რეპრესიული ზომები გაატაროს”, - მიიჩნევს მაისაია.

სრული “ლოკდაუნი” საქართველოს საზღვრებთან - რა ხდება თურქეთში და რას უნდა ველოდოთ საქართველოში

“საქართველოში ეპიდვითარება დღითიდღე უარესდება, ექიმების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყანაში “ლოკდაუნი” უნდა გამოცხადდეს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის უმძიმეს ვითარებას შექმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ არსებული ვითარება სააგრძნობლად გააუარესა. ჩვენს მეზობელ თურქეთში კი, ვირუსის მასობრივი გავრცელების გამო, 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული “ლოკდაუნი” ცხადდება. ამის პარალელურად კი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამშაბათს გამართულ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, პრაქტიკულად საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება გამოცხადდა - უკვე 27 აპრილის საღამოდან 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და “სინოფარმით” აიცრას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სრული “ლოკდაუნი” საქართველოს საზღვრებთან - რა ხდება თურქეთში და რას უნდა ველოდოთ საქართველოში.

“სპეციალისტები ამას ერთმნიშვნელოვნად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს არსებულ რთულ ვითარებას მყისიერად ვერ შეცვლის. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ “ლოკდაუნს” ვერ გადაიტანს, ამიტომ ვირუსს ამჟამად მოქმედი შეზღუდვებით უნდა ვებრძოლოთ. “ქვეყანა ვერ გაუძლებს ისეთ “ლოკდაუნს”, როგორიც ახლა თურქეთში ცხადდება, ეს გამორიცხულია, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მაისიდან შეზღუდვები გამკაცრდება და მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებაც შეიზღუდება. მკაცრი შეზღუდვები გასაგებია, რადგან ქვეყანაში ვითარება დღითიდღე მძიმდება, მაგრამ “ლოკდაუნს” ვეღარ გაუძლებს უბრალოდ ქვეყნის ეკონომიკა. ახლა საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ვირუსის გავრცელება და შევამციროთ დაინფიცირების მაჩენებელი შეზღუდვებით და არა “ლოკდაუნით”. რასაკვირველია, ასეთ რთულ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი ვაქცინაციაა...” - ამბობს აკაკი ზოიძე. ონკოლოგ გიგა ქადაგიშვილის განცხადებით კი ქვეყანა მინიმუმ 40 დღით უნდა ჩაიკეტოს. იგი ინდური შტამის გავრცელებასაც გამოეხმაურა და მის საფრთხეებზე ისაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდევ გვაქვს დრო!!! ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი. ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს (და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებთ ახლა იმას, რომ პანიკას ვთესავ, მთელს მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ, რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არც ერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ. ათასობით ინდოელი სტუდენტი შემოდის ქვეყანაში პირდაპირ ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნის გავლით (ხაზს ვუსვამ - არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ვინმე შემოვიდეს ქვეყანაში). თუ შემოიპარა ეს ვერაგი შტამი საქართველოში, ერთ კვირაში დაინფიცირდება მთელი ქვეყანა და როგორ ფიქრობთ, არის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნისთვის ადგილი?!!! უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რამენაირად გადავიტანოდ ეს ურთულესი პერიოდი. ეს ვერაგი შტამი შეეხება ყველას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმედი მაქვს სწორად შეაფასებთ დღევანდელ მოცემულობას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ”, - წერს გიგა ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში. ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის თქმით კი, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობამ ზრდა განაგრძო და შეზღუდვები არასაკმარისი აღმოჩნდა, “ლოკდაუნის” გარდა სხვა გზა აღარ დარჩება”, - დასძენს გამოცემა.

“ყველაფერი დამოკიდებული იქნება შემთხვევათა რაოდენობების მატებაზე. თუ დაინფიცირების მაჩვენებელმა მატება განაგრძო და შეზღუდვებიც საკმარისი არ აღმოჩნდა, ვფიქრობ სხვა გზა აღარ დარჩება და გამოცხადდება “ლოკდაუნი”. ყველაზე ცუდი, რაც დღეს ხდება, არის განმეორებითი შემთხვევები და თუ უკვე აცრილებსაც დაემართებათ კოვიდი, ეს ნამდვილად მიგვიყვანს “ლოკდაუნამდე”. ახლა მნიშნელოვანია საადღგომო დღესასწაულის შემდგომი შედეგი, რადგან დიდი შანსია სწორედ ამ პერიოდში ბევრად გაიზარდოს დაინფიცრების შემთხვევები. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. 18 წლის ზემოთ ვაქცინაციის გამოცხადებას მე მივესალმები, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება ვირუსის გავრცელების. ჩვენ დღესდღეობით სამწუხაროდ არ გაგვაჩნია ანტივურუსული პრეპარატი, უშუალოდ ამ ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მთავარი გზა ვირუსის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ვიმედოვნებ, რომ 18-60 წლამდე ადამიანების ვაქცინაცია და ამას დამატებული ასაკოვანი ადამიანების აცრა პოზიციტიურ შედეგებს მოიტანს. მთავარია, რომ საზოგადოებამ გაიაზროს ვაქცინაციის მნიშვნელობა”, - მიიჩნევს ხმალაძე. როგორც ცნობილია ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში “ლოკდაუნის” გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. 29 აპრილიდან თურქეთში კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი კვირაობით დახურული იქნება. ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა