სალომე ზურაბიშვილი - ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ერთიანობის უდიდესი მაგალითი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები ჰყავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული ჯარი ერთიანი და აპოლიტიკურია.

„დღეს ქართული ჯარის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის მემკვიდრე და ღირსეული მემკვიდრე. დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს.

ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები. მისი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, ეროვნული ღირსებისთვის. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის. ამიტომ საზღაურიც იყო დიდი. მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს, ჩვენი ვალია სათანადოდ დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი,

გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, არ მოვაკლოთ ზრუნვა და ყურადღება.

წინ შესასრულებელი ამოცანებია - ჩვენი მთავარი და უცვლელი მიზნები - დეოკუპაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათ შესასრულებლად საქართველოს სჭირდება უწყვეტი და ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, წვრთნები, სწავლებები, უახლესი სამხედრო-ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი პირადი შემადგენლობა და ჩვენ გვჯერა მათი მხარდაჭერის და ამისთვის ძალიან მადლობელნი ვართ.

ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინა მაღალი ორგანიზებულობა და უნარი ნებისმიერი გასაჭირის დროს იდგეს ქვეყნის სამსახურში, აკეთოს ის, რაც საჭიროა მოცემულ მომენტში. თუმცა, პანდემიამ გლობალური მასშტაბის ამოცანებიც დაგვისახა. მან შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი, რაც გამოწვევად იქცა ჩვენთვისაც. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შეგვწევს მასთან გამკლავების ძალა.

დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელ საქართველოს აერთიანებს.

ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი.

ვულოცავ ამ დღესასწაულს საქართველოს სრულიად მოსახლეობას! ვულოცავ მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში თავდადებით მსახურობს! ისინი საქართველოს ელჩები არიან მშვიდობისთვის მებრძოლ მსოფლიოში. ვულოცავ ვეტერანებს!

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. უდიდესია მათი თანადგომა და დახმარება.

ამის ნიშნად და ჩვენი მადლიერებისა და დაფასების ნიშნად, ვაჯილდოებ დღეს სერ სტიუარტ პიჩს. ის, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის გამოირჩეოდა ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით. ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ასევე, სიმბოლურად, იმ დღეს როცა უკვე გამოცხადებული არის ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოებ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებად მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა. ასეთი მაგალითები ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში. თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა