პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს.

დოკუმენტს პარლამენტის წევრებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცნობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა.

„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური ინტერესების უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ორგანიზაციებისა თუ ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვისკენ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობის სხვა დანაშაულების აღკვეთის, სახელმწიფო საიდუმლოების და სტრატეგიული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფისა და ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისკენ.

უწყების შეფასებით, ცალკეული ქვეყნების დაზვერვითი საქმიანობისა და შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისგან სახელმწიფოს დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და გატარდა სათანადო კონტრზომები. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო. აქედან, 16 პირის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ, ხოლო 9 პირთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა გრძელდება. საანგარიშო პერიოდში სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 5 საქმეზე.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა. უწყების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებდა, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა საერთაშორისო ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, ტერორიზმის საწინააღმდეგო პრევენციული სახის აქტივობებს, ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების გაუმჯობესებას.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა “დაეშის“ ერთ-ერთი მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინაში დაკავება და მისი ექსტრადირება. ტოხოსაშვილს საქართველოს სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„საქართველოში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ექსტრემისტული იდეოლოგიის აქტიური გავრცელება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც, ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა