თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მარშალ სერ სტიუარტ პიჩს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები მიმოიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით შესრულების მნიშვნელობასა და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს კონტრიბუციაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს, ასევე, ისაუბრეს განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ვაზიანში, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გენერალმა სერ სტიუარტ პიჩმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს