ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა.

როგორც მედიას ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სროლების შედეგად დაღუპულია მათი 31 მოქალაქე.

საავადმყოფოებს მიმართა 154-მა დაშავებულმა.

მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ჯარისკაცები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

მანამდე ყირგიზეთმა 13 გარდაცვლილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ყირგიზეთი არ განიხილავს ტაჯიკეთის საზღვარზე სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხს. აქვე განმარტეს, რომ ტაჯიკეთთან მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

შეგახსენებთ, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, წყალგამანაწილებელ პუნქტ "გოლოვნოისთან" სიტუაცია 28 აპრილს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. 29 აპრილს კი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ობიექტი მათი კუთვნილებაა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალები ტაჯიკი მესაზღვრეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა კი ტაჯიკური მხარე სადავო წყლის ობიექტის ნაღმტყორცნებით გამოყენებით დაბომბვაში დაადანაშაულა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა